ეფლმა ახალი iPhone SE გამოუშვა, ფასი $399-დან იწყება
ეფლმა ახალი iPhone SE ოფიციალურად წარადგინა, 64 GB-იანი მოდელის ფასი $399 იქნება. მას iPhone 8-ის ფორმა, 4,7-ინჩიანი IPS LCD Retina ეკრანი და ტრადიციული დიდი "ჩარჩოები" აქვს, აქვეა Home ღილაკიც, თითის ანაბეჭდის სენსორით.
წინასწარი შეკვეთები პარასკევს, 17 აპრილის, შიპინგი კი 24-ში დაიწყება. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება 128 GB-იანი და 256 GB-იანი მოდელი, მათი ფასი, შესაბამისად, $449 და $549 იქნება.
ახალი iPhone SE პრაქტიკულად iPhone 8 არის, ოღონდ უკეთესი კამერით, პროცესორით და ფასით. ის, iPhone 11 და 11 Pro-ს მსგავსად ეფლის A13 Bionic პროცესორითაა აღჭურვილი. მოდელი ხელმისაწვდომი, შავ, თეთრ და Product Red ვერსიად.
უკანა მხარეს ერთი სტანდარტული 12-მეგაპიქსელიანი კამერაა. ახალი პროცესორის წყალობით გაუმჯობესებულია Smart HDR გადაღება და დამატებულია პორტრეტის რეჟიმი. ამ უკანასკნელისთვის ეფლი მანქანურ დასწავლას იყენებს, რათა კამერამ ადამიანის სახეები ამოიცნოს, ეს ასევე ნიშნავს, რომ რეჟიმი მხოლოდ ადამიანების შემთხვევაში იმუშავებს.
აქვეა ოპტიკური სტაბილიზაცია და წამში 60-კადრიანი 4K ვიდეო. სელფის კამერა 7-მეგაპიქსელიანია და პორტრეტის რეჟიმის მხარდაჭერა მასაც აქვს. ახალი აიფონების კომპონენტების უმრავლესობა iPhone 8-ის იდენტურია. ელემენტის ხანგრძლივობა დაახლოებით იგივე იქნება, ეფლის თქმით, ახალ მოდელს iPhone 8-ის ქეისებიც მოერგება.
ტელეფონს 5-ვატიანი დამტენი მოჰყვება, თუმცა 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერაც აქვს.
მთლიანობაში iPhone SE საკმაოდ კარგი შეთავაზებაა, $400-ად თქვენ მიიღებთ უსწრაფეს პროცესორს, ძლიერ კამერას და პროგრამული განახლებების მინიმუმ რამდენიმეწლიან მხარდაჭერას.
კომენტარები