სიტუაცია კონტროლირებადია — უკრაინის მთავრობა ჩერნობილის ხანძარზე
1986 წლის საშინელი ბირთვული კატასტროფის შემდეგ, ჩერნობილი და ახლომდებარე ქალაქი პრიპიატი მთლიანად ევაკუირდა. ეს ტერიტორია რადიაციის მაღალი დონის გამო დღემდე მიტოვებულია.
ცოტა ხნის წინ, ჩერნობილის ტყეში მასობრივი ხანძარი გაჩნდა. Greenpeace Russia-ს თქმით, ორშაბათს ხანძარი მიტოვებული ბირთვული სადგურიდან ერთი კილომეტრის სიახლოვეში მძვინვარებდა.
ამ დროისთივის, უკრაინის პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი 27 წლის კაცი დააკავა.
დღეს სახელმწიფო უშიშროების უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და წვის გაგრძელების მიუხედავად, ხანძრის ღია კერები აღარ არის. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ორშაბათს ხანძრის შესაჩერებლად 538 ტონა წყალი დაიხარჯა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და საგანგებო სამსახურებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
ბოლო კვირის მანძილზე გაჩნდა შიში, რომ ჩერნობილის ტყეში გაჩენილი ხანძარი დამატებით რადიოაქტიული ნივთიერებების გამოთავისუფლებას შეუწყობდა ხელს. გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კიევში და მის გარშემო ფონური რადიაციის დონე არ გაზრდილა.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ხანძრების მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, სერგეი ზიბტსევმა თქვა, რომ ხანძარმა უზარმაზარ ზომას მიაღწია. ადგილობრივმა ტურ-ოპერატორმა იაროსლავ ემელიანენკომ კი სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიტუაცია "კრიტიკული" იყო.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილი მიტოვებულია, გარშემო არეალს უამრავი ტურისტი სტუმრობს. 2018 წელს პრიპიატს 70 000 ტურისტი ეწვია. მიტოვებული ატომური სადგურის პოპულარობა ნაწილობრივ HBO-ს მინი-სერიალმა განაპირობა.
ბირთვული სადგურის 30 კილომეტრიან რადიუსში ცხოვრება ამ დროისთვის აკრძალულია და იქ გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.
კომენტარები