შეზღუდვები COVID-19-ის ვაქცინის შემუშავებამდე სრულად არ უნდა მოიხსნას — კვლევა
ჩინეთში ყოველდღიური ცხოვრების აგრესიულმა კონტროლმა, COVID-19-ის ინფექციების პირველი ტალღა დაასრულა. თუმცა, დაავადების ხელახალი გავრცელება ძალიან რეალური შესაძლებლობაა.
ახალი კორონავირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ქვეყნებს რომლებსაც ცხოვრების ჩვეული რეჟიმისთვის დაბრუნება სურთ, როგორც ჩანს მოცდა და გარკვეული პრევენციული ზომების მოქმედებაში დატოვება მოუწევთ.
"მიუხედავად იმისა, რომ პრევენციულმა ზომებმა ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა, COVID-19-სადმი ჯგუფური იმუნიტეტის გარეშე, ბიზნესების, საწარმოების და სკოლების გახსნამ, ისევე როგორც სოციალური აქტივობის ზრდამ, შესაძლოა ინფექციის გლობალური გავრცელების ხელახალი ტალღა გამოიწვიოს", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჯოზეფ ტი ვუ.
ჩინეთმა დაავადების "რეპროდუქციის რიცხვი" მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანთა საშუალო რაოდენობას, რომლებიც შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ჩინეთში, სადაც ერთი ინფიცირებული საშუალოდ 2-3 ადამიანს აინფიცირებდა, ახლა მაქსიმუმ ერთს აინფიცირებს.
იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება ისევ არ გაიზარდოს, მთავრობებს მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვება მოუწევთ. დაბალი რეპროდუქციის შენარჩუნებისთვის, ეკონომიკური აქტივობების განახლებასა და პრევენციულ ზომებს შორის წონასწორობა უნდა იყოს დაცული.
კვლევა Lancet-ში გამოქვეყნდა და ჩინეთში ეპიდემიის გავრცელების მოდელებს ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით განპირობებული სიკვდილიანობა 1%-ზე დაბალი იყო, ჰუბეის პროვინციაში ეს მაჩვენებელი 6%-ს აღწევდა.
"ისეთ მდიდარ ქალაქებშიც კი როგორიცაა პეკინი და შანჰაი, ჯანდაცვის რესურსები ამოწურვადია. მასზე მოთხოვნის ხელახალ ზრდას, მიწოდება შესაძლოა ვერ შეესაბამოს", —ამბობს კვლევის თანაავტორი გაბრიელ ემ ლეუნგი. "ჩვენი მიგნებები აჩვენებს, რომ ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებს, სათანადო რესურსები კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად ეხმარება".
მკვლევრები იუწყებიან, რომ პრევენციული ზომების და მკაცრი კონტროლის შემცირება თანდათანობით უნდა მოხდეს.
როგორც ჩანს ეკონომიკური აქტივობების განახლებასა და შეზღუდვების მოხსნას შორის ბალანსის პოვნა, ვაქცინის შემუშავებამდე, კორონავირუსთან გამკლავების ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა.
კომენტარები