XPS 13 (2020) — იდეალური ულტრაბუქი Dell-ისგან
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Dell-მა საკუთარი 13-დიუმიანი პრემიუმ კლასის ლეპტოპი იმდენად გააუმჯობესა, რომ გასული წლის XPS 13 თითქმის იდეალურ მოდელად ითვლებოდა, თუმცა Dell-ი ამაზე არ ჩერდება და XPS 13 9300-ს წარმოგიდგენთ.
მას უფრო გაზრდილი ტრეკპადი, თხელი ჩარჩოები და უფრო მაღალი წარმადობა აქვს. უახლესი მოდელის ერთადერთ უარყოფით მხარედ შეგვიძლია ორი USB-C პორტის არსებობა მივიჩნიოთ. სამაგიეროდ ლეპტოპში microSD მეხსიერების ბარათის წამკითხველი გამოჩნდა. ასეთი ტემპებით Dell-ის XPS 13-ში გასაუმჯობესებელი აღარაფერი დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის მოდელი მაინც არაა უნაკლო, ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ იგი ბაზარზე საუკეთესო ულტრაბუქად ითვლება.
მართალია, დიზაინის თვალსაზრისით XPS 13 9300 მის წინამორბედთან შედარებით უმნიშვნელოდ მძიმე და უფრო მცირე ზომისაა, თუმცა განსხვავებები ორივე მოდელის გვერდიგვერდ შედარებისას პრაქტიკულად შეუმჩნეველია. წიბოების დამუშავებისას Dell-მა არჩევანი ანოდიზებულ მასალაზე შეაჩერა, რაც აღნიშნულ მოდელს ვიზუალურად გამოარჩევს.
მონაცემების გადაცემისა და კვების პორტების სახით ლეპტოპში თქვენ ორ USB-C და Thunderbolt 3-ს მიიღებთ. ლეპტოპის მარჯვენა მხარეს microSD ბარათის წამკითხველთან ერთად ყურსასმენების პორტიც მოთავსდა.
ახალი ფლაგმანის ავტონომიური მუშაობის დრო შთამბეჭდავ 9 საათსა და 59 წუთს აღწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი დამუხტვით ლეპტოპი პრაქტიკულად მთელი დღე გაგიძლებთ. გასული წლის XPS 13-თან შედარებით ეს დრო ნახევარი საათით (9:26), ხოლო HP Envy 13-თან შედარებით თითქმის 3 საათით მეტია.
წინა თაობის მოდელის ეკრანის 16:9 ფორმატის ნაცვლად, ახალმა მოდელმა 16:10 თანაფარდობა მიიღო, რაც XPS 13-თან მუშაობას ვერტიკალურ მდგომარეობაშიც მოსახერხებელს ხდის. გაუმჯობესდა ლეპტოპის ვებკამერაც, რომელიც სახლიდან მუშაობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
ლეპტოპი ბიომეტრიული Windows Hello ავტორიზაციისთვის ინფრაწითელი კამერითაა უზრუნველყოფილი. ახალ XPS 13-ის 13,4-დიუმიან ეკრანზე კი ჩარჩოები პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ბიუჯეტურ მოდელში გათვალისწინებულია Full HD გარჩევადობის ეკრანი სენსორული ინტერაქციის მხარდაჭერის გარეშე, ხოლო პრემიუმ კლასის მახასიათებლებით სენსორული დისპლეის გარჩევადობა 3840 x 2400 UHD-ს აღწევს.
განხილული მოდელის ღირებულება დაახლოებით $1750 აშშ დოლარს აღწევს და მისი ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
- პროცესორი: Intel Core i7-1065G7
- ოპერატიული მეხსიერება: 16 გბ
- შიდა მეხსიერება: 512 გბ (M.2 NVMeSSD )
- ეკრანი: სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1920 x 1200 (მაქსიმალური სიკაშკაშე: 429 ნიტი)
მართალია, XPS 13-ში თქვენ ვერ იპოვით ისეთ კორპორატიულ უსაფრთხოების ხელსაწყოებს, როგორებიც Lenovo-ს და HP-ს გარკვეულ კორპორატიულ მოდელებში გვხვდება, თუმცა თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, XPS 13 უბრალოდ საუკეთესო ულტრაბუქია. ისევ და ისევ, არ გვაწყენდა მე-3 USB-C პორტი, მაგრამ ლეპტოპის შეუდარებელი კონსტრუქცია, გამორჩეული დიზაინი და მაღალი წარმადობა 13-დიუმიან ფლაგმანს ნამდვილ ვარსკვლავად აქცევს.
კომენტარები