გერმანიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს "ანტისხეულების სერტიფიკატებს" დაურიგებენ, რომელიც დაადასტურებს, რომ ადამიანმა ვირუსი დაამარცხა. ეს მათ საზოგადოებასა და სამსახურებში დაბრუნების საშუალებას ისე მისცემს, რომ სხვებს საფრთხე არ შეუქმნან.

Der Spiegel-ის მიხედვით, საზოგადოების ტესტირება მომდევნო კვირებში დაიწყება, პირველ ეტაპზე ანტისხეულებზე 100 000 ადამიანს შეამოწმებენ.

"სერტიფიკატის მქონე ადამიანებს საზოგადოებაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დანერგილი შეზღუდვები აღარ შეეხებათ", — აცხადებს პროქტის ხელმძღვანელი და ეპიდემიოლოგი ჯერარდ კრაუსი.

ტესტირება ასევე უკეთ გამოავლენს, საზოგადოების რა ნაწილს გადაედო ვირუსი, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანების დიდ ნაწილში კორონავირუსი, შესაძლოა, სიმტპომების გარეშე მიმდინარეობდეს.

პროექტი საბოლოოდ დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა ის, სავარაუდოდ, აპრილში გაეშვება, თვის ბოლოს კი პირველი შედეგებიც ხელმისაწვდომი გახდება.

შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მე-5 ადგილზე ყოფნის მიუხედავად, გერმანიაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის მიზეზად კი, ნაწილობრივ, პროქტიული მასობრივი ტესტირება სახელდება.