დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის მარტივი სასუნთქი აპარატები 1 კვირაში დაამზადეს
მკვლევრებმა სულ რაღაც ერთ კვირაში ახალი სასუნთქი აპარატები შეიმუშავეს და განაცხადეს, რომ მათი გამოყენება ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე შეუძლია.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი პროტოტიპების მასიური წარმოება შესაძლებელი იქნება, რაც ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საგრძნობლად დაეხმარება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თავიდან განაცხადა, რომ NHS-ს (ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო) 8 000 აპარატი აქვს, თუმცა მათ 30 000 მაინც სჭირდებათ, რათა მომდევნო თვეებში მოთხოვნას შესაბამისად უპასუხონ.
OxVent-ს მარტივი დიზაინი აქვს და სწორედ ეს იძლევა იმის იმედს, რომ მწარმოებლები მათ სწრაფ წარმოებას შეძლებენ, მაგალითად, Sony-მ განაცხადა რომ ისინი კვირაში 5 000 ასეთი აპარატის დამზადებას შეძლებენ.
მისი დიზაინი ფართოდ გამოყენებად მოწყობილობებზე — სასუნთქ ნიღბებსა და მარტივ სარქველებზეა დაფუძნებული. ამ კომბინაციას კი მარტივი ელექტრონული კომპონენტი ემატება და აპარატი ფილტვების ჰაერით მომარაგებას ახერხებს.
ამჟამად ჯგუფი სახელმწიფოსგან თანხმობას ელოდება, რომლის მიღების შემთხვევაშიც Sony კომპონენტების წარმოებას დაიწყებს.
დაახლოებით 2 კვირის წინ ბორის ჯონსონმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს მოუწოდა, რომ საკუთარი საწარმოო ხაზები სასუნთქი აპარატების დასამზადებლად გადაეწყოთ.
ამ საკითხზე მუშაობა მრავალმა კომპანიამ დაიწყო, მათ შორისაა ფორმულა 1-ის გუნდები და Dyson. ასევე, ბრიტანეთის ვეტერინარულმა ასოციაციამ ვეტერინარებს მოუწოდა, რომ სამედიცინო აპარატურა, რომლის გამოყენებაც ადამიანებზე შესაძლებელი იქნებოდა, ექიმებისთვის გადაეცათ.
მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარები სასუნთქ აპარატებს ცხოველებისთვის იყენებენ, ამ აპარატურის გამოყენება ხშირად ადამიანებისთვისაც შეიძლება.
"ამჟამად სახელმწიფოს პირველი პრიორიტეტი პანდემიასთან გამკლავებაა. ჩვენ სასუნთქი აპარატების რაოდენობა უკვე გავაორმაგეთ, მათი მარაგი კი მომდევნო კვირებში კიდევ რამდენიმე ათასით გაიზრდება", — განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
კომენტარები