COVID-19-ის გამო ევროპის კოსმოსური სააგენტო ხომალდებზე ინსტრუმენტებს თიშავს
კორონავირუსის გამო, ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) მუშაობის უფრო უსაფრთხო რეჟიმზე გადადის და გერმანიაში მდებარე მისიის საკონტროლო ცენტრში ვიზიტორი თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს.
"თანამშრომლების ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, ზოგიერთი მისიის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა შეიზღუდება, ეს განსაკუთრებით შეეხება პლანეტათაშორის ხომალდებს, რომელსაც ცენტრში ყველაზე მეტი თანამშრომელი სჭირდება", — განაცხადა ESA-ს ხელმძღვანელმა როლფ დენსინმა.
შეზღუდვები ExoMars Trace Gas Orbiter-სა და Mars Express-ის მისიებსაც შეეხება, რომლებიც ამჟამად მარსის ატმოსფეროს იკვლევენ. ასევე, შეიზღუდება მისია Cluster-იც, რომლის ფარგლებშიც დედამიწის ორბიტაზე განლაგებული ოთხი ხომალდი მზისგან გამოფრქვეული ნაწილაკების ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებას სწავლობს.
ESA-ს თანამშრომლების უმეტესობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სახლიდან მუშაობდა, თუმცა სააგენტომ უფრო მკაცრი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
სააგენტოს თქმით, აღნიშნული ხომალდები სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან და საფრთხე არ ემუქრებათ.
"ეს ხომალდები ისე არიან შექმნილნი, რომ დედამიწასთან დიდი ხნით უკონტაქტოდ დარჩენის შემთხვევაში უსაფრთხოება შეინარჩუნონ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეზღუდული ურთიერთობის პირობებში ხომალდები უსაფრთხოდ იქნებიან, მსგავსი მდგომარეობა ალბათ რამდენიმე თვე გაგრძელდება", — თქვა დენსინმა.
ამავდროულად, ის თანამშრომლები, რომლებიც ცენტრებში ისევ დაიშვებიან, მზის სისტემაში ESA-ს დანარჩენი ხომალდების მართვას გააგრძელებენ, მათ შორისაა BepiColombo-ც, რომელიც მერკურს უახლოვდება.
აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ESA-ს კორონავირუსის გამო მისიების გადადება უწევს, როვერ როზალინდ ფრანკლინის გაშვება 2022 წლამდე ევროპაში მოგზაურობის აკრძალვის გამო გადაიდო, პორტი კი საგრანგეთში მდებარეობს, რომელიც პანდემიის დასრულებამდე ჩაკეტილი იქნება.
კომენტარები