WHO გვირჩევს, რომ კორონავირუსის სიმპტომებისას იბუპროფენი არ მივიღოთ
სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანებს იბუპროფენის გამოყენებაზე უარის თქმა ურჩია. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საფრანგეთმა განაცხადა, რომ ანთების საწინააღმდეგო წამლებმა კორონავირუსის სიმპტომები, შესაძლოა, უფრო გაამძაფროს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ერთ-ერთი ფერმენტის აქტივობას ზრდის, რომელმაც, შესაძლოა, კორონავირუსის ინფექცია გაამწვავოს.
"ჩვენ საკითხს ახლა უფრო დეტალურად ვიკვლევთ. მანამდე კი, საკუთარი გადაწყვეტილებით მედიკამენტის მიღებისას სჯობს იბუპროფენის ნაცვლად პარაცეტამოლი მიიღოთ. ხოლო თუ იბუპროფენს სამედიცინო პროფესიონალი დაგინიშნავთ, ეს უკვე მათი კომპეტენციაა", — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქრისტიან ლინდმეიერი.
ფრანგმა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ანთების საწინააღმდეგო წამლებს უკვე იღებენ, რჩევა ექიმისგან უნდა მიიღონ. პარაცეტამოლის მიღებისას მისი დოზის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია, რადგან გადაჭარბებულმა დოზამ, შესაძლოა, ღვიძლი დააზიანოს.
მედიკამენტ ნუროფენის (იბუპროფენი) მწარმოებელი ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის Reckitt Benckiser-ის წარმომადგენელი იმეილში აცხადებს, რომ სიტუაციის შესახებ ინფორმირებულნი არიან. კომპანიის თქმით, ისინი საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად იკვლევენ.
კომენტარები