ვირუსის სამკურნალოდ 3D პრინტერით ამობეჭდილი სარქველების გამო, შესაძლოა, სამედიცინო კომპანიამ იჩივლოს
იტალიაში პაციენტების ჭარბმა რაოდენობამ კორონავირუსით დაინფიცირებულთა მკურნალობისას გამოყენებადი სარქველების დეფიციტი გამოიწვია. მოხალისეთა გუნდმა პრობლემის მოგვარება 3D პრინტერით ანალოგების დაბეჭდვით გადაწყვიტა. კომპანია კი, რომელიც აღნიშნული სარქველების წარმოებითაა დაკავებული, მოხალისეებს სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
იტალიის ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ სარქველების მომარაგება მსგავს მოკლე დროში ვერ მოხერხდა, სწორედ ამიტომ მათ 3D ანალოგების დამზადება გადაწყვიტეს. ქრისტიან ფრაკასმა და ალესანდრო რამაიოლმა, რომლებიც იტალიურ სტარტაპ Isinnova-ში მუშაობენ, ჰოსპიტალს თავიანთი პრინტერი შესთავაზეს.
სარქველების ფასი, როგორც წესი, დაახლოებით 11 000 დოლარს შეადგენს, მოხალისეებმა კი ისინი დაახლოებით ერთ დოლარად დაამზადეს.
წყვილმა მწარმოებელი კომპანიისგან სარქველების მოდელის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, რომელსაც ანალოგების დასაბეჭდად გამოიყენებდნენ, თუმცა კომპანიამ უარი განაცხადა. მოხალისეებმა სარქველების გაზომვა დაიწყეს და მისი სამი განსხვავებული ვერსია შექმნეს.
14 მარტის მონაცემებით, მათი შექმნილი სარქველების წყალობით ათი პაციენტი მკურნალობდა.
"ჩვენ ამ სიტუაციისგან სარგებლის მიღებას არ ვცდილობთ, დიზაინისა და პრუდუქტის გამოყენებას სხვა შემთხვევაში არ ვაპირებთ, არც ნახაზებს გავავრცელებთ", — განაცხადა გუნდმა ფეისბუქ პოსტში.
იტალიაში COVID-19-ის 31 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 500 კი დაიღუპა.
კომენტარები