Curiosity-მ მარსის ამ დრომდე ყველაზე მაღალი გარჩევადობის პანორამა შემოგვთავაზა
2012 წელს NASA-ს Curiosity მარსზე პლანეტის გამოსაკვლევად დაეშვა. დროთა განმავლობაში იგი მისი ადგილმდებარეობის ფოტოებს გვიგზავნის, ახლახან კი მან ახალი, დეტალური სურათები შემოგვთავაზა, რომელზეც მარსის ხედია აღბეჭდილი.
გამოსახულება ათასზე მეტ ფოტოს აერთიანებს და მისი პიქსელების საერთო რაოდენობა 1,8 მილიარდს შეადგენს. Curiosity-ს მიერ აღბეჭდილ კადრებს შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ინტერაქტიულ პანორამაზე გაეცნოთ.
პანორამაზე როვერის ამჟამინდელი სახლი — ტორიდონის ველია აღბეჭდილი, რომელიც შარპის მთასთან მდებარე რეგიონია. აღნიშნული ველი მინერალური ნივთიერებითაა სავსე, რომელსაც Curiosity შეისწავლის.
ტორიდონის ველი გეილის კრატერში მდებარეობს, რომელიც სავარაუდოდ, მილიარდობით წლის წინ მდინარეებითა და ტბებით იყო ამოვსებული, სწორედ ამიტომ ასტრონომები მას აქტიურად იკვლევენ.
მარსის შესწავლაში როვერი მეცნიერებს 2012 წლიდან ეხმარება — მის მიერ მოპოვებულ ნიმუშებში რთული ორგანული მოლეკულები აღმოჩნდა. ამჟამად კი Curiosity შარპის მთის ქვედა ფერდობებს იკვლევს. ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ აღნიშნული ნაწილის შესწავლით მარსის გეოლოგიური და კლიმატური ისტორიის შესახებ მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ.
კომენტარები