კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,4 პროცენტია — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ფოტო: Reut
სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებეისუსმა განაცხადა, რომ Covid-19-ის სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი 3,4 პროცენტია.
ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე გებრეისუსმა თქვა, რომ Covid-19-ს, სეზონურ გრიპთან შედარებით, უფრო მაღალი სიკვდილიანობა აქვს, თუმცა ის ნაკლებად გადამდებია.
"გლობალურად, Covid-19-ით დაინფიცირებული ჩვენთვის ცნობილი პაციენტების დაახლოებით 3,4 პროცენტი დაიღუპა. შედარებისთვის, სეზონური გრიპი სიკვდილით შემთხვევების 1%-ზე ბევრად ნაკლებში მთავრდება", — განაცხადა მან.
დიდი ალბათობით, აღნიშნულ მაჩვენებელში ჩინეთის გარეთ (განსაკუთრებით სამხრეთ კორეაში, ირანსა დაიტალიაში) დაფიქსირებული შემთხვევებიც გათვალისწინებულია.
"სეზონური გრიპის შტამების მიმართ ბევრ ადამიანს იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული, Covid-19 კი ახალი ვირუსია, რომლის მიმართაც იმუნიტეტი არავის აქვს." გებრეისუსის თქმით, ახალი კორონავირუსი ისე მარტივად არ გადადის, როგორც გრიპი, თუმცა "მიმდინარეობს უფრო რთულად."
როდესაც კორონავირუსის შემთხვევები მხოლოდ უხანში იყო კონცენტრირებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ქალაქში სიკვდილიანობა 4 პროცენტს აღწევდა, თუმცა ქალაქის გარეთ ის დაახლოებით 0,7% იყო. ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ ეპიდემია ქვეყნებს სხვადასხვანაირად შეეხება.
ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,7 პროცენტია, ფატალური შემთხვევების უმეტესობა კი უხანსა და ჰუბეის პროვინციაში ფიქსირდება.
კომენტარები