ანდროიდ 11-ის ყველაზე საინტერესო ახალი ფუნქციები
Google-მა ახალი ანდროიდის ბეტა ვერსია გამოუშვა, რომელიც მეტწილად დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ხელმისაწვდომი ბეტა ვერსიაა, რომელიც Google-ს ოდესმე გამოუშვია.
ახალ ფუნქციებში შედის 5G-ს გაუმჯობესებული მხარდაჭერა, გაუმჯობესებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის ფუნქციები და შეტყობინებების ახალი ინტერფეისი.
ანდროიდ 11-ის ინსტალაცია მხოლოდ Pixel 2, Pixel 3, Pixel 3A და Pixel 4 მოდელებზე არის შესაძლებელი. ბეტა ვერსიის ინსტალაცია, ტელეფონზე მანამდე არსებულ ინფორმაციას მთლიანად შლის. ამიტომ, თქვენს ყოველდღიურ გამოყენებაში მყოფ სმარტფონზე ანდროიდ 11-ის დაყენება მიზანშეწონილი არ არის, თუ, რა თქმა უნდა, ინფორმაციის დაკარგვა არ გინდათ.
წარმოგიდგენთ ანდროიდ 11-ის ახალ საინტერესო ფუნქციებს, რომლებსაც დიდი ალბათობით ოპერაციული სისტემის დასრულებულ ვერსიაში ვიხილავთ
ჩატ-ბუშტები
ანდროიდის ახალი ჩატ-ბუშტები მესენჯერის ჩატ-ჰედებს ჰგავს — ფეისბუქის მესენჯერით მიმოწერისას ამ ფუნქციას ალბათ ყველანი ვიყენებთ, თუმცა Google-ის მიზანია ამ UI-ით სარგებლობა სხვა აპლიკაციებმაც შეძლონ.
ეს ფუნქცია თავდაპირველად ანდროიდ 10-ს უნდა ჰქონოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას ანდროიდის მომავალ ვერსიაში ვიხილავთ.
შეტყობინებების განახლებული UI
ახალი ოპერაციული სისტემის მნიშვნელოვანი ფუნქციაა შეტყობინებების ახალი დიზაინი, რომელიც თქვენს საუბრებს და მესიჯებს განსხვავებულ შეფერილობას აძლევს. შეტყობინებების ჩამოშლისას, შემომავალი მესიჯები, აპლიკაციების შეტყობინების თავზე განცალკევებულ უჯრას იკავებს. ამ ფუნქციის მიზანი კომუნიკაციის გამარტივებაა, რაც სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელეფონის მთავარი მიზანიც ესაა — დაგეხმაროთ ხალხთან კომუნიკაციაში.
გაუმჯობესებული უსაფრთხოება
როგორც ჩანს, Google-მა ერთი-ორი რამ iOS-ისგანაც ისწავლა. ანდროიდ 11 აპლიკაციისთვის კამერაზე და მიკროფონზე დროებითი წვდომის დაშვების საშუალებას გაძლევთ. ანუ მიკროფონზე და კამერაზე აპლიკაციას წვდომა შეგიძლიათ დროებით ან მხოლოდ გამოყენების დროს მისცეთ. ეს მარტივი ფუნქციაა, თუმცა პირადი ინფორმაციის დაცვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ეკრანის ჩაწერა
ანდროიდ 11-ს ეკრანის ჩაწერის ფუნქცია პირველად ანდროიდ 10-ის ბეტა ვერსიაშიც გამოჩნდა. ეკრანის ჩაწერა ნიშნავს, რომ ტელეფონზე თქვენი აქტივობის ვიდეო ფორმატში ჩაწერა შეგიძლიათ: იქნება ეს თამაში, ვიდეოა თუ უბრალოდ სქროლინგი.
ეკრანის ჩაწერის ფუნქციას თავისი დახვეწილი ინტერფეისი აქვს, რაც მიგვანიშნებს, რომ მას ანდროიდ 11-ის საბოლოო ვერსიაში ნამდვილად ვიხილავთ.
დიდი ცვლილებების გარდა, ანდროიდ 11-ს რამდენიმე პატარა საინტერესო ფუნქციაც დაემატა:
- ავტომატური გადასვლა ბნელ რეჟიმზე (dark mode);
- ახალი მოძრაობები და ჟესტები Pixel 4-ისთვის, რაც მუსიკის ჩართვა-გამორთვის საშუალებას ეკრანთან შეხების გარეშე მოგცემთ;
- შეხების გაზრდილი მგრძნობელობა;
- "გაზიარების ფურცელის" (share sheet) თავში სასურველი აპლიკაციების მიმაგრება;
- ფრენის რეჟიმის ჩართვისას ბლუთუსი და სმარტფონთან დაკავშირებული აუდიო მოწყობილობები აღარ გაითიშება.
კიდევ არის თვალით შეუმჩნეველი სიახლეებიც, მაგალითად, 5G ინტეგრაცია, უკეთესი უსაფრთხობა და სხვა, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ Android 11-ის ბეტა ვერსია დასრულებული პროდუქტისგან ძალიან ძალიან შორს არის და, სავარაუდოდ, ოპერაციულ სისტემაში კიდევ ბევრ ცვლილებას ვიხილავთ.
კომენტარები