გახსოვთ, როგორი იყო სამყარო ბავშვობაში? თავგადასავლებით, საიდუმლო გასასვლელებით, ამოუცნობი ნივთებით სავსე გარემო, სადაც ხშირად საკუთარი თავის არსებობაც გავიწყდებოდათ?

იმერსიული ხელოვნება სწორედ ამ შეგრძნების მოხელთებას ცდილობს და თანაც, თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, ამჯერად ბევრად მეტი რამაა ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ.

თუ ტრადიციული მუზეუმი მხოლოდ ვიზუალურ ხელოვნებაზე კონცენტრირდება, იმერსიული სივრცე ხშირად ყველა შეგრძნებას ერთად ააქტიურებს: თქვენ არა მხოლოდ უყურებთ, არამედ ისმენთ, ყნოსავთ და ეხებით "ნამუშევრებს". სფეროს ფორმის სპეციალურ კინოთეატრში მაყურებელი 360 გრადუსითაა გარშემორტყმული ვიზუალური წარმოდგენით, რომელიც თანამედროვე ადამიანის წარმოსახვაში არსებულ აბსტრაქტულ ციფრულ იმიჯებს ქმნის და აცოცხლებს.

იმერსიული ხელოვნება ყველაზე მეტად შტატებში, კანადაში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაშია პოპულარული, თუმცა სულ მალე იმერსიული გამოცდილება საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.

2020 წლის მარტში, თბილისის ახალ გუმბათოვან კინოთეატრში, ვირტუალურ დოუმში იმერსიული ხელოვნების პირველი ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი იმერსიული ხელოვნების კანადელ პიონერებთან, Société des Arts Technologiques (SAT) კოლაბორაციით ჩატარდება. SAT 1996 წელს დაარსდა და ის სხვადასხვა გამოცდილებისა თუ მიმართულების არტისტებს შთამბეჭდავი ციფრული ხელოვნების შესაქმნელად აერთიანებს. მონრეალიდან მოწვეული არტისტები ოთხ სხვადასხვა ცოცხალ წარმოდგენას და რამდენიმე ფილმს აჩვენებენ ქართველ მაყურებელს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ფესტივალის ფარგლებში ქართველი არტისტებიც ისწავლიან იმერსიული ხელოვნების შექმნის ტექნიკას და მომავალში შეძლებენ, საერთაშორისო ფესტივალებზე მოხვდნენ.

რაში შეიძლება იმერსიული ხელოვნება გამოვიყენოთ?

განათლება

წარმოიდგინე, რომ სკოლაში პლანეტებს გასწავლიან. რა თქმა უნდა, გსმენია, რომ კოსმოსი სულისშემკვრელად ლამაზია, ფოტოებიც ამას მოწმობს, მაგრამ, ხომ ბევრად სახალისო იქნებოდა გაკვეთილი, თუ მასწავლებელი სადმე წაგიყვანდა და გალაქტიკას საკუთარი თვალით დაგათვალიერებინებდა?!

შემეცნება

იმერსიული ხელოვნება პროცესებზე დაკვირვების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის და ამ გზით სამყაროზე მიღებული ინფორმაცია უფრო დიდხანს გაგყვებათ.

გართობა

შესაძლოა, კინოხელოვნების მომავალი კინოში შებიჯება იყოს. თეორიულად, ამაში არაფერია შეუძლებელი. იმერსიული ხელოვნებით არარსებული "სამყაროების" გაცოცხლებაც შეიძლება. მაგალითად, თემატური რესტორნების შექმნა, სადაც თქვენ გარშემო წარსული ან მომავალი გამოისახება, რომლის კონტექსტშიც საჭმელიც უფრო გემრიელი მოგეჩვენებათ.

ესთეტიკური სიამოვნება

შემეცნება გვერდზე რომ გადავდოთ, იმერსიული ხელოვნება უბრალოდ ძალიან სასიამოვნოა. ჩრდილოეთის ციალის სანახავად კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას წასვლა აღარ მოგიწევთ. უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქავთ და ცის ნაწილი გახდებით.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა. იმერსიული ხელოვნებისთვის ახალი პერსპექტივები სწორედ ახლა ჩნდება, თქვენ კი შეგიძლიათ, ამ პროცესის ნაწილი მარტში, თბილისში გამართულ იმერსიული ხელოვნების ფესტივალზე გახდეთ.