ქალი ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში 328 დღე გაატარა, დედამიწაზე დაბრუნდა
ქალი ასტრონავტებიდან კრისტინა კოხმა კოსმოსში ყველაზე დიდი დრო — 328 დღე გაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი 2019 წელს ღია კოსმოსში გასული მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იყო.
სამწუხაროდ, კოხის რეკორდებმა უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა სამეცნიერო მიღწევებმა. მსგავსი შემთხვევები კი საკმაოდ ხშირია. მაგალითად, სალი რაიდმა კოსმოსური შატლის მექანიზირებული ხელის, Canadarm-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მიუხედავად ამისა, იგი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პირველი ამერიკელი ქალი კოსმოსში.
აღნიშნული მეცნიერების მიზანს პირველობა არ წარმოადგენდა, ისინი უბრალოდ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. აღნიშნული რეკორდები კი ერთგვარი ბონუსია.
კოხი წლების განმავლობაში იკვლევდა თუ როგორ იზრდებიან და ცოცხლობენ მცენარეები უწონადობის პირობებში. აღნიშნული კვლევა ნასასთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია დიდი ხანია საკვების კოსმოსში გაზრდის მეთოდების შემუშავებას ცდილობს. კოხი ასევე, უწონადობის პირობებში ცეცხლის ქცევას აკვირდებოდა. მსგავსი კვლევები კი მეცნიერებს უკეთესი შიგაწვის ძრავების შემუშავებაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ კოხი თავადაც კვლევის ობიექტს წარმოადგენდა. მის მიერ კოსმოსში გატარებული დრო შემთხვევითი არაა — მეცნიერებს აინტერესებთ, თუ რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი უწონადობის მდგომარეობა ადამიანზე.
კოხის რეკორდები აშკარა პროგრესზე მიგვანიშნებს. ქალისთვის კოსმოსში ამდენი ხნის გატარება იმის მტკიცებულებაა, რომ ასტრონავტობა მხოლოდ "კაცის საქმე" აღარაა.
კომენტარები