ილონ მასკის განცხადებით, ტესლასთვის მუშაობა უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც შეგიძლიათ. მასკი ტვიტერს ტესლას ხელოვნური ინტელექტის გუნდისთვის ახალი ადამიანების მოსაძებნად იყენებს.

"შემოუერთდი ტესლას ხელოვნური ინტელექტის გუნდს. დოქტორის ხარისხი სავალდებულო არ არის, იმაზეც ნუ ინერვიულებ, თუ სკოლა საერთოდ არ დაგიმთავრებია", — განაცხადა მასკმა ტვიტერზე.

მასკს დიპლომების შესახებ საკუთარი აზრი აქამდეც დაუფიქსირებია.

"უნივერსიტეტის დიპლომი საჭირო საერთოდ არ არის", — განაცხადა მასკმა 2014 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში.

"უნივერსიტეტის დამთავრება, შესაძლოა, წარმატების ერთ-ერთ კრიტერიუმად მივიჩნიოთ, თუმცა არა აუცილებლობად. მაგალითად, ბილ გეითსა და სტივ ჯობს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ, მაგრამ თუკი მათი დაქირავების შანსი გექნებოდათ, ამას აუცილებლად იზამდით", — თქვა მან.

ახლადდასაქმებულები თვითმმართვადი ავტომობილის ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებენ. სავარაუდოდ, მათ მუშაობა კალიფორნიაში ან ტეხასში მოუწევთ. თუმცა, მასკის განცხადებაში ნათქვამია, რომ დასაქმება ნებისმიერ "გიგაქარხანაში" შეიძლება. აქ ტესლას ელექტრული ძრავები და ელემენტები მზადდება. ამჟამად, გიგაფაქტორები ნევადაში, ბუფალოში, ნიუ-იორკსა და შანხაიში მდებარეობს. ახალი კი ბერლინში, გერმანიაში შენდება.