ფოტო, რომელშიც ორი ვარსკვლავის დაჯახების შედეგად წარმოქმნილი სანახაობა ჩანს
გალაქტიკის შორეულ კუთხეში ორი ვარსკვლავი ერთმანეთს დაეჯახა. ამ საოცარი მოვლენის დატოვებული კვალი კი საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა.
პროცესი დაახლოებით ასე წარიმართა — მომაკვდავი ვარსკვლავი წითელ გიგანტად გარდაიქმნა და თავისი მეზობელი, შედარებით მცირე ვარსკვლავი შთანთქა. ვარსკვლავების დაახლოებისას კი უზარმაზარი ღრუბელი წარმოიქმნა.
ამ მოვლენის დაფიქსირება ასტრონომებმა ატაკამას ტელესკოპის დახმარებით შეძლეს. ორი ვარსკვლავის "შეჯახება" იშვიათი მოვლენაა, ამიტომ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ HD 101584-ის სიკვდილი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
მზის ზომის ვარსკვლავების სასიცოცხლო ციკლი მეცნიერებისთვის ცნობილია — მათი "საწვავის" ამოწურვის შემდეგ დარჩენილი წყალბადი ჰელიუმად გარდაიქმნება და ბირთვი ზომაში მცირდება. ჰელიუმი კი ვარსკვლავის ბირთვში ჩაედინება.
ამ დროს ვარსკვლავის გარე შრე მნიშვნელოვნად ფართოვდება და უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენს მზესაც იგივე ელის. სიცოცხლის დასრულებისას მისი გარე შრე მარსის ორბიტამდე გაფართოვდება. ბირთვში ჩაღვრილი ჰელიუმი ჟანგბადად და ნახშირბადად გარდაიქმნება.
1995 წელს მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ HD 101584 ბუნებრივი სიკვდილით მოკვდებოდა. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ მასთან დაახლოებული შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავი, წითელ სუპერგიგანტს, სიცოცხლეს დროზე ადრე დაამთავრებინებდა.
მცირე ვარსკვლავის შთანთქმის შედეგად, წითელმა გიგანტმა უზარმაზარი ენერგია გამოტყორცნდა და მისი გარე შრე, რომელიც კიდევ უნდა გაფართოებულიყო, კოსმოსში გაიფანტა. შედეგად, წითელი გიგანტისგან მხოლოდ ბირთვიღა დარჩა.
კომენტარები