კორონავირუსს გრიპისა და შიდსის წამლების კოქტეილი შველის — ტაილანდელი ექიმები
კორონავირუსის სამკურნალოდ ტაილანდში ექიმებმა შიდსის და გრიპის წამლები გამოიყენეს, რამაც პაციენტების მდგომარეობა 48 საათში საგრძნობლად გააუმჯობესა.
ბანგკოკის რაჯავითის საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე პაციენტის, მათ შორის 70 წლის ჩინელი ქალის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 10 დღის წინ დაუსვეს, მკურნალობის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ახალი მკურნალობის კურსში ძირითადად სამი წამლის მაღალი დოზა შედის. ესენია შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები — ლოპინავირი, რიტონავირი და გრიპის საწინააღმდეგო ოსელტამივირი.
"ეს კორონავირუსიდან განკურნების მეთოდი არ არის, მაგრამ ახალი მიდგომა მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პაციენტი, რომელიც 10 დღე კორონავირუს-დადებითი იყო, წამლების ახალი კომბინაციის მიღების შემდეგ 48 საათში გამოჯანმრთელდა", — განაცხადა ექიმმა კრიანგსკამ.
"წამალი პერსპექტიულია, მაგრამ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ მკურალობის ეს კურსი სტადარტული მკურნალობის მეთოდად ჩაითვალოს".
შიდსის და გრიპის წამლების "კოქტეილის" გამოყენება ექიმებმა ჩინეთშიც დაიწყეს. ამ შემთხვევაშიც წამლების ნაზავი პაციენტების მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ერთი ექიმის განცხადებით, ახალი მკურნალობის გამოყენების შედეგად რამდენიმე პაციენტს ალერგიული რეაქცია ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მათი მდგომარეობა მაინც გაუმჯობესდა. როგორც ირკვევა, ალერგიული რეაქცია სამიდან ერთ-ერთი წამლის გადაჭარბებული დოზის შედეგად განვითარდა.
ტაილანდში კორონავირუსის 19 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 8 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, 11 კი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.
ტაილანდის სამედიცინო სერვისების დეპარტამენტის დირექტორის სომსაკ აკსლიმის თქმით, სამინისტრო ახალი მკურნალობის მეთოდზე დღ იმსჯელებს, მაგრამ ჯერ იმის თქმა, რომ ახალი მკურნალობის მეთოდის გამოყენება ყველა შემთხვევაში წარმატებული იქნება, ნაადრევია.
"მკურნალობის ახალ მეთოდს ჯერ მხოლოდ მძიმე შემთხვევებისთვის გამოვიყენებთ", — განაცხადა ასკლიმმა.
კომენტარები