ვიდეო: ჩინეთში კარანტინში მყოფ ადამიანებს საკვებს პატარა რობოტი ურიგებს
კარანტინში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან ერთად ეფრინათ, რობოტი, სახელად Little Peanut (მიწის თხილი) ემსახურება. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ჰაგნუჯის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული ჩანს, როგორ დაატარებს პატარა, თაროებიანი რობოტი საკვებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"მოგესალმებით, თქვენ საკვებით Little Peanut გიმასპინძლდებათ. თუ რაიმე დაგჭირდებათ, WeChat-ის მეშვეობით მომსახურე პერსონალს დაუკავშირდით", — ამბობს რობოტი.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის, 2019-nCoV-ის გავრცელების შესაზღუდად ადამიანებს შორის კონტაქტი დროებით შემცირდეს. სწორედ ამიტომ, 27 და 28 იანვარს სასტუმრომ რობოტები დაასაქმა, რომლებიც მომსახურე პერსონალის საქმეს ითავსებენ.
სინგაპურიდან ჩამოსული მგზავრები კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში მყოფი 335 ადამიანიდან ორს სიცხე აღმოაჩნდა.
სამშაბათის ჩათვლით, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 132 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 000 დაინფიცირდა.
ვირუსი ჩინეთის გარდა 16 ქვეყანაში გავრცელდა. მათ შორის ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, იაპონიაში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, აშშ-სა და გერმანიაში.
კომენტარები