Apple ახალ ბიუჯეტურ აიფონს, სავარაუდოდ, მარტში გამოუშვებს
გავრცელებული ინფორმაციით, თებერვალში Apple-ის მწარმოებლები ახალი ბიუჯეტური iPhone-ების აწყობას დაიწყებენ.
ამჯერად Apple თავის ტრადიციას დაარღვევს და ახალ სმარტფონს სექტემბრის გარდა მარტშიც ვიხილავთ. სმარტფონზე Hon Hai Precision Industry, Pegatron Corp. და Wistron Corp. იმუშავებენ.
ეს იქნება პირველი დაბალფასიანი აიფონი iPhone SE-ს შემდეგ. ვიზუალურად ის iPhone 8-ის მსგავსი იქნება და 4.7 ინჩიანი ეკრანით აღიჭურვება. iPhone 8 ოფიციალურად ჯერ კიდევ გაყიდვაშია და მისი ფასი $449 დოლარს შეადგენს, როცა iPhone SE-ს ფასი გამოსვლისას, ანუ 2016 წელს, მხოლოდ $399-ს იყო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი სმარტფონის ფასიც დაახლოებით ამ ნიშნულებს შორის იქნება.
ეფლმა ეკრანში მოთავსებულ თითის ანაბეჭდის სენსორზე ამ შემთხვევაში უარი თქვა და ახალ აიფონზე ჩვენთვის კარგად ცნობილ Home-ღილაკს ვიხილავთ. ბიუჯეტურ ვერსიას Face ID არ ექნება, თუმცა ექნება iPhone 11-ის ფლაგმანური პროცესორი.
ზემოაღნიშნულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, Apple-ს სპიკერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, შესაბამისად ისღა დაგვრჩენია, რომ უბრალოდ მარტის დადგომას დაველოდოთ.
ახალი ბიუჯეტური მოდელი, შესაძლოა, ეფლს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინდოეთი, სადაც კომპანიას აიფონების გაყიდვა კვლავ უჭირს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კონკურენტუნარიანი ბიუჯეტური ანდროიდ სმარტფონების სიმრავლეა.
კომენტარები