ავსტრალიის ხანძარმა უამრავი ცხოველი და ტყე შეიწირა. მთავრობის და მსოფლიო საზოგადოების მცდელობა შეეჩერებინათ ეს ტრაგიკული კატასტროფა საჯაროდ იყო გაშუქებული, თუმცა ზოგმა სამაშველო ოპერაციამ ხალხისგან მალულად ჩაიარა.

ავსტრალიაში, სიდნეისთან ახლოს, უოლემის ეროვნულ პარკში, რომლის ფართობიც 5 000 კვადრატულ კილომეტრს აღემატება, არის ტყე, რომლის მდებარეობა ხალხისგან გასაიდუმლოებულია. იმიტომ, რომ იქ უძველეს ფიჭვის ხეებს შეხვდებით, რომლებიც 200 მილიონი წლის წინანდელი სახეობის შთამომავლები არიან.

ფოტო: NEW SOUTH WALES GOVERNMENT

ამ იშვიათი სახეობის ფიჭვის უძველესი ნამარხი 90 მილიონი წლითაა დათარიღებული და მიჩნეულია, რომ ეს ხეები იურულ პერიოდში, დინოზავრების გვერდიგევრდ არსებობდნენ.

უძველესი ხეების გადასარჩენად მთავრობამ მეხანძრეები მალულად შეარჩია. მეხანძრეებმა ტერიტორიის გარშემო სპეციალური წყლის სისტემა დააყენეს, რომელიც ხეებს ხანძრისგან იცავდა. მეხანძრეების მცდელობის მიუხედავად პრეისტორიული ფიჭვების გარკვეული ნაწილი მაინც დაიწვა, თუმცა ტყის გადარჩენა მოხერხდა.

ფოტო: NEW SOUTH WALES GOVERNMENT

ფოტო: NEW SOUTH WALES GOVERNMEN

"უოლემის ეროვნული პარკი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ეს ხეები ველურად იზრდება, აქ ამ სახეობის ფიჭვის მხოლოდ 200-მდე ინდივიდი იყო დარჩენილი და ჩვენ ვიცოდით, რომ მათ გადასარჩენად რაიმე აუცილებლად უნდა გვეღონა", — განაცხადა ნიუ სამხრეთ უელსის კონსერვაციის დირექტორმა.

1994 წლამდე მიიჩნეოდა, რომ უძველესი ფიჭვი გადაშენებული იყო. "დამალული" ტყის აღმოჩენის შემდეგ კი, მისი შენახვის მიზნით, მთავრობამ ტყის ადგილმდებარეობა გაასაიდუმლოა.