Roland-მა როიალების Cybertruck წარადგინა
ინსტრუმენტების მწარმოებელმა კომპანიამ — Roland-მა კონცეპტუალური როიალი, სახელად Facet წარადგინა. კვადრატული დიზაინის მქონე როიალმა CES 2020-ზე (სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა) საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია.
ჯერ-ჯერობით "კიბერ როიალის" გაყიდვაში ჩაშვება არ იგეგმება. Roland აცხადებს, რომ ეს მუსიკალური ინსტრუმენტების მომავლის წარმოსადგენად შექმნილი კონცეფციაა.
კომპანია აღნიშნავს, რომ როიალისადმი მიდგომა 300 წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. მათი მიზანი იმ შეზღუდვების გარღვევა იყო, რომლებიც ინსტრუმენტის ტრადიციულ დიზაინს თან ახლავს, შედეგი კი კუთხეებიანი, ფუტურისტული როიალი Facet-ია, რომელიც ტესლას Cybertruck-ს გვახსენებს.
ფუტურისტულ როიალში დინამიკები და რეზონატორებია გადანაწილებული, რომლის მიზანიც ისეთივე ჟღერადობის შექმნაა, როგორიც ნამდვილ როიალს ახასიათებს. ასევე დამონტაჟებულია სპეციალური დინამიკები, რომლებმაც ის სპეციფიკური ხმები უნდა გამოსცენ, რომლებიც როიალებს ახასიათებთ, მაგალითად, ჩაქუჩების სიმებზე შეხების ხმა.
იმის ფონზე, რომ წინა წელს Roland-მა გამოუშვა სინთეზატორი, რომელშიც Alexa იყო ინტეგრირებული, Facet დიდ გაკვირვებას აღარ იწვევს. ახალ როიალში მასში საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნოლოგიაა ჩაშენებული. ნოტების საყრდენი ერთდროულად ეკრანიც არის, რომელშიც მუსიკის შესაქმნელი ანდროიდ აპლიკაციაა ჩამონტაჟებული.
Facet-ის ძირში კი პროექტორია, რომელიც თქვენი დაკრული მელოდიების მიხედვით გამოსახულებებს ქმნის და მას როიალის ზედა ნაწილზე აშუქებს.
კომენტარები