ფოტოები — ავსტრალიაში ხანძარმა უკვე 6 მილიონი ჰექტარი გაანადგურა
ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც უკვე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე დაიწვა 2 500 სახლი და განადგურდა დაახლოებით 6 მილიონი ჰექტარი.
ხანძართან ბრძოლაში მეხანძრეების გარდა ჩართულია რამდენიმე ათასი მოხალისეც, ისევე როგორც სამხედროები. დასახმარებლად მეხანძრეები ავსტრალიაში კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გაგზავნა.
ავსტრალიაში ზაფხულს ე.წ. ხანძრის სეზონიც ერთვის, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად, 2009 წელს ხანძრებმა 173 ადამიანი იმსხვერპლა.
განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ახლანდელი სეზონიც. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო გაზაფხული რეკორდულად მშრალი იყო. დეკემბერში ასევე რეკორდულად მაღალი იყო ქვეყნის მასშტაბით არსებული საშუალო ტემპერატურა. ეს ყველაფერი კი ძლიერმა ქარმა კიდევ უფრო გაამძაფრა.
ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილება ბუნებრივ კატასტროფებს კიდევ უფრო გამანადგურებელს ხდის. მაგალითად, ახლა ავსტრალიაში ხანძრის სეზონი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება, ვიდრე ადრე.
კომენტარები