5 ახალი აღმოჩენა — პირველი შედეგები ნასას Parker Solar Probe-ისგან
2018 წლის აგვისტოში ნასამ Parker Solar Probe გაუშვა, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ხომალდი მალევე გახდა. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილმა ხომალდმა მზის ატმოსფეროს შეუსწავლელ რეგიონებში უკვე 24-ჯერ ჩაიფრინა. 4 დეკემბერს კი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა ოთხი ახალი კვლევა, რომელშიც ხომალდისგან მიღებული მონაცემებია განხილული.
ამ მონაცემებით მზიდან გამოტყორცნილი მატერიისა და ნაწილაკების ქცევაზე ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რაც მეცნიერებს ჩვენს ვარსკვლავთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გაცემას გაუადვილებს. ახალი აღმოჩენები ასევე დაგვეხმარება, რომ ორბიტაზე მყოფი ასტრონავტები და თანამგზავრები მზის რადიაციისგან უკეთ დავიცვათ.
1. მტვრისგან თავისუფალი ზონა
ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ კოსმოსი მტვრითაა სავსე. ამ კოსმოსური მტვრის დანახვა დედამიწიდანაცაა შესაძლებელი, რადგან ის მზის სხივებს ირეკლავს.
ნასას ხომალდმა კი აღმოაჩინა, რომ მზიდან 5,5 მილიონ კილომეტრზე მტვერი აორთქლებას იწყებს, რის შედეგადაც ვარსკვლავის გარშემო მტვრისგან თავისუფალი ზონა იქმნება.
2. მაგნიტური ველები არასწორხაზოვანია
დედამიწიდან ჩანს, რომ მზის მიერ წარმოშობილი მაგნიტური ველები სწორხაზოვანია, თუმცა ხომალდმა დაადგინა, რომ ეს ასე არ არის. მაგნიტური ველები მიმართულებას ძალიან სწრაფად იცვლიან და ისინი ზოგჯერ რამდენიმე წამში 180 გრადუსით ბრუნდებიან.
მიმართულების ასეთი უეცარი ცვლილებები ჯგუფურად ხდება და ეს მზიურ ქარში განსაკუთრებით სწრაფად მოძრავ პლაზმასთანაა ასოცირებული.
3. მზიური ქარი ტურბულენტურია
მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ, მზიური ქარი უწყვეტ ნაკადად წარმოიქმნება, თუ პერიოდული ამოფრქვევების სახით. ახლა კი ჩვენ ვნახეთ მტკიცებულება, რომ მზიური ქარის ნაკადი ხშირად უსწორმასწორო და არათანაბარია. ცვალებადია ქარის მიმართულებაც, ამოტყორცნილი ნაწილაკებისა და მატერიის ნაწილი კოსმოსში იფრქვევა, ნაწილი კი მზესვე უბრუნდება.
ზემოთ აღწერილ მაგნიტური ველების სწრაფ ცვლილებას, შესაძლოა, სწორედ ეს ტურბულენტობა განაპირობებდეს.
4. მზიური ქარის მოწყვეტის წერტილი იმაზე შორსაა, ვიდრე წარმოვიდგენდით
დედამიწასთან ახლოს მზიური ქარი სწორხაზოვანია. ერთი შეხედვით, ის მზიდან ყველა მიმართულებით იტყორცნება და კოსმოსში ვრცელდება. რეალობა კი განსხვავებულია. მზიური ქარის წარმოქმნისას მზე, რა თქმა უნდა, ბრუნავს, ამის გამო გამოტყორცნილი ნაწილაკები გარკვეული დროის განმავლობაში მზესთან ერთად ბრუნავენ. ისევე, როგორც საბავშვო კარუსელი პარკში.
მზის გარშემო ატმოსფერო ისევე ბრუნავს, როგორც კარუსელის გარშემო ჩამოკიდებული სკამები. თუ ასეთ დროს ერთ-ერთი ცარიელი (და არა ბავშვიანი) სკამი კარუსელს მოწყდება, ის მოძრაობას სწორი მიმართულებით გააგრძელებს. ზუსტად ეს ხდება მზიური ქარის შემთხვევაშიც, თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო, მზიდან რა მანძილზე ხდებოდა ნაწილაკების "მოწყვეტა."
Parker Solar Probe-მა დაადგინა, რომ ადგილი, სადაც ნაწილაკები წრიულად ბრუნვას წყვეტენ და კოსმოსისკენ იღებენ გეზს, მზიდან დაახლოებით 30 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, რაც ბევრად უფრო შორია, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.
5. მზეზე მცირე ამოფრქვევები რეგულარულად ხდება
ხომალდმა მზიდან ენერგეტიკული ნაწილაკების რამდენიმე მცირემასშტაბიანი ამოფრქვევა დააფიქსირა. მსგავსი მოვლენები აქამდეც დაფიქსირებულა, თუმცა ასეთი მცირე ზომის — არასდროს.
ამ მოკრძალებული ამოფრქვევების შედეგად გამოტყორცნილი ნაწილაკები კოსმოსში იშლება და იფანტება, ხოლო როდესაც ისინი დედამიწას აღწევენ, მათი დაფიქსირება უკვე ვეღარ ხერხდება. Parker Solar Probe-ის გარეშე ჩვენ ვერასდროს გავიგებდით, რომ მზეზე მცირე ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.
Parker Solar Probe-ის წყალობით მზის შესახებ ბევრი რამ შევიტყვეთ, თუმცა ხომალდს წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა ელოდება.
ამავე თემაზე:
კომენტარები