გაციებებისა და გრიპების სეზონი კარს მოგვადგა. ალბათ უკვე იცით, რომ გრიპისგან თავის დაცვის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. თუმცა, გარდა გრიპის ვირუსისა ჩვენს გარშემო მრავალი სხვა პათოგენიცაა და მათი გავრცელების ერთ-ერთი გზა, სწორედ ჭუჭყიანი ხელებია. საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა მარტივია.

დაისველეთ ხელები გრილი ან თბილი წყლით და წაისვით საპონი

ხელის დაბანისას წყლის ტემპერატურას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სასურველია, რომ წყალი თქვენთვის კომფორტული ტემპერატურის იყოს, რადგან, სხვა შემთხვევაში (ზედმეტად ცხელი, ან ცივი) ხელების სათანადოდ დაბანა გაგიჭირდებათ.

ხელების დასაბანად უმჯობესია, რომ ჩვეულებრივი საპონი გამოიყენოთ. ამ დრომდე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის (და არა, მაგალითად, სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის) ანტიბაქტერიული საპნების გამოყენებას არანაირი უპირატესობა არ აქვს.

საპონი ხელზე საგულდაგულოდ წაისვით

ხელის გული, თითებს შორის არსებული ადგილი, ფრჩხილები, ხელის უკანა მხარე — აუცილებელია, რომ საპონმა თქვენი კანი სრულად დაფაროს. მიკრობებს ხელის ყველა ნაწილზე ვხვდებით, განსაკუთრებით კი ფრჩხილების ქვეშ. ხოლო ხახუნს თქვენი კანიდან ჭუჭყი, ცხიმი და მიკრობები ამოჰყავს.

დაბანის ოპტიმალური დრო დაახლოებით 20 წამია

ოპტიმალური დროის გამოთვლა რთულია, რადგან ხელის დაბანის ხანგრძლივობასა და მის შესაძლო გავლენაზე საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. ამ საკითხზე ჩატარებული კვლევების დიდ ნაწილში კი ხელზე არსებული მიკრობების ზოგადი რაოდენობაა გათვალისწინებული, სინამდვილეში კი, პათოგენური ამ მიკრობების მხოლოდ მცირე ნაწილია. მიუხედავად ამისა, მონაცემები მიუთითებს, რომ 15-30 წამის განმავლობაში ხელების დაბანა უფრო მეტ მიკრობს ანადგურებს, ვიდრე, მაგალითად, 10 წამის განმავლობაში დაბანა.

გაიმშრალეთ ხელები

მიკრობები სველი ხელების ქონის შემთხვევაში უფრო ადვილად ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია, რომ დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიშროთ. ხელის გამშრალების საუკეთესო მეთოდის დასახელება რთულია, თუმცა ცნობილია, რომ, მაგალითად, ხელის საშრობები გამოყენებისას ოთახში ბაქტერიების ავრცელებენ. კვლევები მიუთითებს, რომ საუკეთესო გზა მშრალი ნაჭრის ან ხელსახოცის გამოყენებაა.

ამ რჩევების გათვალისწინება დაავადებების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ.