InSight-ის ბურღი გათხრილი ხვრელიდან უეცრად ამოვარდა — დაბრკოლება მარსზე
ნასას რობოტს რთული პერიოდი აქვს. რამდენიმე კვირის წინ ნასას ინჟინრებმა თვეების განმავლობაში გაჭედილი InSight-ის ბურღის ამუშავება შეძლეს, ახლა კი თავი კიდევ ერთმა დაბრკოლებამ იჩინა — ის მარსის რეგოლითიდან მოულოდნელად ამოვარდა.
2019 წლის მარტში InSight-ის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, სენსორული ბურღი მარსის რეგოლითში შეფერხდა და "თხრა" შეწყვიტა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ინჟინრებმა ინსტრუმენტის ასამუშავებლად ჭკვიანური ხერხი მოიფიქრეს, მათ InSight-ის ნიჩბით ბურღი ერთ ადგილას მჭიდროდ დააფიქსირეს, რათა დარტყმების დროს სრიალის შანსი შეემცირებინათ.
მიდგომამ გაამართლა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბურღმა სვლა განაგრძო, თუმცა წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა.
გუშინ ნასამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მუშაობისას ინსტრუმენტი უეცრად მიწიდან ამოვარდა. ამის მიზეზად კი მარსის რეგოლითის უჩვეულო თვისებები დასახელდა. ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ დარტყმებით გამოწვეული უკუცემის დროს ბურღის წინ გამოთავისუფლებულ სივრცეში ხვრელის გვერდებიდან რეგოლითი იყრება, რაც საბოლოოდ ბურღს უკან ხევს.
ამჟამად ინჟინრები პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავებაზე მუშაობენ.
ამავე თემაზე:
კომენტარები