Toyota Fortuner-ისთვის დაბრკოლებები არ არსებობს — ტესტ-დრაივი კახეთში
15-16 ოქტომბერს ტოიოტა კავკასიამ კახეთში მედიის წარმომადგენლებისთვის მასშტაბური ტესტ-დრაივი მოაწყო. წინა სტატიაში ჩვენ უკვე მოგიყევით ჰიბრიდული ხაზის გამოცდის შესახებ, ახლა კი Fortuner-ის ჯერი დადგა.
ტოიოტამ ფორტუნერი პირველად 2005 წელს წარადგინა. აღნიშნული მოდელი კომპანიის საუკეთესო პიკაპის, ჰაილუქსის ბაზაზეა აწყობილი. ეს მაღალი გამავლობის კომფორტული ოფროუდერია, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფორტუნერში, რა თქმა უნდა, საკმარისზე მეტი ადგილია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.
აღნიშნული მოდელი ორი სხვადასხვა ძრავითაა ხელმისაწვდომი, რაც მომხამრებლებს არჩევანის საშუალებას აძლევს. 2019 წელს ტოიოტამ საქართველოს ბაზარზე, ბენზინზე მომუშავე 2,7-ლიტრიანი, 166 ცხენის ძალის მქონე მოდელის გარდა დიზელის 2,4-ლიტრიანი, 150 ცხენის ძალის მქონე ფორტუნერიც შემოიყვანა.
საჭესთან დაჯდომისას ცალსახა ხდება, რომ თქვენ საქმე განსაკუთრებით ძლევამოსილ ავტომობილთან გაქვთ, რომელსაც წინ ვერაფერი გადაეღობება. ტესტ-დრაივი სოფელ ლაფანყურში მოეწყო, სადაც ფორტუნერი სხვადასხვა შესაძლო ვითარებაში გამოვცადეთ — წყალში, ტალახში, აღმართებსა და განსაკუთრებით რთულ რელიეფებზე. ტოიოტა ფორტუნერით გაგიჭირდებათ ისეთ რელიეფზე მოხვედრა, რომელსაც ვერ გადალახავთ — მიწიდან ავტომობილის კორპუსამდე დაახლოებით 30 სანტიმეტრია, რაც უგზოობაში გადაადგილებისას სრულ თავისუფლებას განიჭებთ. შესაბამის კომპლექტაციაში ასევე ხელმისაწვდომია სრული ამძრაობა და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, ისევე როგორც უკანა ხედვის კამერა, აღმართის ელექტრონული ასისტენტი, უკანა პარკირების სენსორები და სხვა.
ფორტუნერში უდიდესი აქცენტია გაკეთებული უსაფრთხოებაზე, გარდა სტანდარტული ბალიშებისა ფორტუნერის კორპუსი გათვლილია დარტყმის განეიტრალებასა და მგზავრების მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე.
რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ის, უნდა აღინიშნოს, რომ ფორტუნერი ქალაქის ვიწრო ქუჩებს ნაკლებად შეეფერება. ფორტუნერი იდეალურია მაღალმთიან რეგიონებში ან რთულ რელიეფურ პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის — მათთვის, ვისაც სურს იყოს თავდაჯერებული იმაში, რომ დანიშნულების ადგილს ნებისმიერ გარემო პირობებში მიაღწევს, იქნება ეს თოვლი, ტალახი, წვიმა, თუ რაიმე სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოდელებთან შედარებით ფორტუნერი შედარებით ახალგაზრდაა, მან მსოფლიო აღიარების მოპოვება უკვე მოახერხა და ის ყველგანმავალთა კლასის სამაგალითო წარმომადგენლი გახდა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის უგზოობა გადალახოს და თქვენი თავდაჯერებულობის გარანტი იყოს.
კომენტარები