ნახეთ, როგორი იქნებოდა სახელმწიფო საზღვრები პანგეას დროს, 300 მლნ წლის წინ
როდესაც სანტა კლაუსი სამხრეთ კორეაში ცხოვრობდა, ანტარქტიდასა და ინდოეთში კი თანაბარი კლიმატი იყო...
დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ დედამიწა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ამ დროს დედამიწაზე მხოლოდ ერთი ოკეანე, პანთალასა არსებობდა, ხოლო ხმელეთი კი ერთი მასიური სუპერკონტინენტით, პანგეათი იყო წამოდგენილი.
დედამიწის 3,5 მილიარდწლიანი ისტორიის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე არა ერთი სუპერკონტინენტი არსებობდა, პანგეა სწორედ ერთ-ერთი ასეთია. კონტინენტები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ტექტონიკური ფილები დედამიწის მანტიის ზედაპირზე გადაადგილდებან, ამ პროცესის შედეგად ხდება ხმელეთის ფორმირება და კონტინენტების ჩამოყალიბება.
სად ვიყავით 300 მილიონი წლის წინ?
არსად. 300 მილიონი წლის წინ დედამიწა ადამიანებისგან თავისუფალი იყო, ამ დროს ჩვენ არ ვარსებობდით. თუმცა, თუ დროს გადავახვევთ და გამოვითვლით, სად იქნებოდნენ 300 მილიონი წლის წინ ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, საინტერსო სურათს მივიღებთ.
აღნიშნული რუკა მოყვარული კარტოგრაფის, მასიმო პიეტრობონის მიერაა შექმნილი, რომელიც გვაჩვენებს როგორი იქნებოდა სახელმწიფო საზღვრები, პანგეა რომ 200 წლის წინ არ დანაწევრებულიყო.
რუკაზე, რა თქმა უნდა, საქართველოსაც იპოვით. როგორც ჩანს, რუსეთი 300 მილიონი წლის წინაც ჩვენი მეზობელი იყო. ამჟამინდელ საზღვრებს ინარჩუნებდნენ სომხეთი და აზერბაიჯანიც. თუმცა, თურქეთის ნაცვლად საქართველოს ამ შემთხვევაში თეტისის ზღვა ესაზღვრება.
სად ვიქნებით მომავალში?
რა შეგვიძლია ვთქვათ მომავალზე? ტექტონიკური ფილების გადაადგილება კონტინენტების განლაგებას მუდმივად ცვლის. ამჟამად აფრიკა სამხრეთ ევროპასთან შეჯახების გზაზეა, ავსტრალია კი სამხრეთ აზიისკენ მიემართება.
მომდევნო 250 მილიონ წელიწადში დედამიწაზე სავარაუდოდ კიდევ ერთი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება, თუმცა ექსპერტები ვერ თანხმდებიან, თუ ზუსტად როგორ და რა ფორმით ჩამოყალიბდება ის.
კომენტარები