ნაკურთხი წყლით სავსე Nike Air Max 97-ებით შეძლებთ, რომ "წყალზე იაროთ"
ციფრული კულტურის სააგენტო MSCHF-მ Nike-ის პოპულარული სპორტული ფეხსაცმლის, Air Max 97-ის უნიკალური მოდელი დაამზადა. კომპანიამ Air Max 97-ის ძირი 60 მილიგრამი წყლით შეავსო, თანაც, ეს არა ჩვეულებრივი, არამედ ნაკურთხი წყალია, რომელიც მდინარე იორდანედანაა აღებული. წყალს, ესთეტიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად მცირე რაოდენობის ლურჯი საღებავიც აქვს დამატებული.
თასმებზე ფოლადის ჯვარცმაა მიმაგრებული, რომელიც, სურვილისამებრ შეიძლება მოიხსნას. ფეხსაცმელი საკმეველის ფისით გაჯერებული მატყლისგან დამზადებული შიდა ძირითაა ამოფენილი. ამ შემთხვევაში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მასალაც, რა თქმა უნდა, საგანგებოდაა შერჩეული, მატყლი კრავთანაა კავშირში, რაც ქრისტიანულ თეოლოგიაში იესოს ერთგვარი სიმბოლოა.
ფეხსაცმლის შიდა ძირი წითელია, არც ესაა შემთხვევითი, ეს დეტალი რომის პაპის ტრადიციული წითელი ფეხსაცმლითაა შთაგონებული.
ფეხსაცმელზე ბიბლიის იმ მონაკვეთის სახელია ამოტვიფრული (MT.14:25) სადაც აღწერილია, თუ როგორ გაიარა იესომ წყალზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ბიბლიიდან ამ პატარა ამონარიდს ფეხსაცმლის ყუთზეც შეხვდებით.
ფეხსაცმელი ინტერნეტში 8 ოქტომბერს გამოჩნდა და ის რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა. როგორც ცნობილია, თითოეულის ფასი $1 400 იყო, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ MSCHF-მ მხოლოდ 15 წყვილი ფეხსაცმელი დაამზადა.
კომენტარები