კურდღლები, შესაძლოა, ქალის ორგაზმის საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარონ
ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოს, ქალის ორგაზმის მნიშვნელობის ამოხსნისთვის მეცნიერებმა კურდღლებისგან ერთი მინიშნება მიიღეს. მათ დაადგინეს, რომ ანტიდეპრესანტების მიღებისას კურდღლები სექსისას ნაკლებ კვერცხუჯრედს ათავისუფლებდნენ.
ქალის ორგაზმი უკვე დიდი ხანია გაკვირვების საგანს წარმოადგენს, რადგან მას სიამოვნების გარდა რაიმე ცხადი ფუნქცია არ გააჩნია.
კვლევის უკან მდგომ მეცნიერებს ადრეც გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ ქალის ორგაზმის ევოლუციური საწყისები, შესაძლოა, რეფლექსთან იყოს დაკავშირებული, რომელიც ერთ დროს სექსისას კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას განაპირობებდა — ეს ის მექანიზმია, რომელიც დღეს ცხოველების გარკვეულ სახეობებში გვხვდება, ამ სახეობებს შორისაა კურდღელიც.
რადგანაც ადამიანებში საქმე სპონტანურ ოვულაციასთან გვაქვს, ავტორების თეორიის მიხედვით, ქალის ორგაზმი ევოლუციური გადმონაშთი უნდა იყოს. მათი თქმით, ჩატარებული ექსპერიმენტი ამ იდეას ამყარებს.
"ჩვენ ვიცით, რომ კურდღლებში ეს რეფლექსი არსებობს. მთავარი კითხვა შემდეგია: არის თუ არა ეს ის, რამაც ადამიანების შემთხვევაში, როგორც ჩანს, ფუნქცია დაკარგა?", — აცხადებს ცინცინატის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი მიქაელა პავლიჩევი.
ამ საკითხის შესასწავლად გუნდმა 12 მდედრ კურდღელს ანტიდეპრესანტის (პროზაკი) 2-კვირიანი კურსი გაატარა. პროზაკის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი ქალის ორგაზმის უნარის დაქვეითებაა. შემდეგ გუნდმა შეამოწმა, თუ რამდენი კვრეცხუჯრედი გამოყვეს მდედრმა კურდღლებმა მამრ კურდღელთან, სახელად ფრენკთან სექსისას.
კვლევაში, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ კურდღლები, რომლებიც ანტიდეპრესანტებს იღებდნენ 30%-ით უფრო ნაკლებ კვერცხუჯრედს გამოყოფდნენ, ვიდრე ის 9 კურდღელი, რომელიც ანტიდეპრესანტს არ იღებდა და რომლებსაც ფრეკნთან სექსი ჰქონდათ.
დამატებითი ექსპერიმენტები კი მხარს უჭერდა იმ მოსაზრებას, რომ მედიკამენტი ოვულაციაზე გავლენას ნერვული სისტემის მეშვეობით ახენდა და არა პირდაპირ საკვრეცხეებზე ზემოქმედებით.
გუნდის თქმით, შედეგები ემთხვეოდა მათ თეორიას, რომ კურდღლებმა ჰორმონების გამოთავისუფლებისა და ოვულაციისთვის ორგაზმთან მიახლოებული რამ უნდა განიცადონ, თუმცა უცნობია, ანიჭებს თუ არა ეს კურდღლებს სიამოვნებას.
ავტორებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ თეორიას ემხრობა წინამორბედი კვლევებიც, რომლებიც მიუთითებს, რომ ცხოველებში, რომლებშიც ოვულაციას სექსის დროს გამოყოფილი ჰორმონები განაპირობებს, კლიტორი ისეა განლაგებული, რომ ის სექსის დროს უფრო ხშირად ღიზიანდება.
პავლიჩევი ამბობს, რომ პროზაკის გავლენა კურდღლების რეფლექსზე ცხადი არ არის და მისი მექანიზმის გასარკვევად კვლევების ჩატარება სხვა ცხოველებთან მიმართებაშიცაა საჭირო.
მისი თქმით, ეს თეორია სიმართლეს რომც შეესაბამებოდეს, კითხვა, თუ რატომ არსებობს ქალის ორგაზმი, კვლავ აქტუალურია. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, რომ ქალის ორგაზმს ახალი ფუნქცია შეეძინა, რომელიც როგორღაც ქალის ჯანმრთელობასთანაა კავშირში?
ინდიანას უნივერსიტეტის ბიოლოგმა და წიგნის, The Case of the Female Orgasm-ის ავტორმა, პროფესორმა ელიზაბეთ ლოიდმა კვლევა შეაქო და განაცხადა, რომ ის გუნდის მიერ წამოყენებულ თეორიას მართლაც ემთხვეოდა.
ლოიდის თქმით, დასადგენია, ერთი და იგივე კუნთები და ნერვული ბოჭკოებია თუ არა ჩართული ქალის ორგაზმსა და კურდღლის ამ რეფლექსში. მან ასევე აღნიშნა, რომ ოვულაციასა და ორგაზმში ადამიანების შემთხვევაში სხვადასხვა ჰორმონია ჩართული. მისი თქმით უცნობია — თუ ქალის ორგაზმი ოვულაციიდან მომდინარეობს, — რატომ ჰგავს ქალისა და კაცის ორგაზმი ერთმანეთს ასე ძალიან.
ლოიდის თქმით, ზოგადად მიჩნეული იყო, რომ ეს მსგავსებები მხარს უჭერდა თეორიას, რომლის მიხედვითაც ორგაზმი ერთგვარი ფიზიკური ჯილდოა, რომელსაც კაცები გამრავლების სანაცვლოდ იღებენ. ქალის ორგაზმი კი ერთგვარი ბონუსია, რომელიც იმის შედეგად წარმოიშვება, რომ ემბრიონული განვითარებისას ორივე სქესი თავდაპირველად განვითარების ერთი და იმავე ეტაპს გადის.
პავლიჩევის თქმით, ქალის ორგაზმის ფუნქციის ამოხსნა მნიშვნელოვანია.
"იქნებ, ამან ქალის სექსუალობის მიმართ უფრო მეგობრული დამოკიდებულება გააჩინოს და ეს საკითხი მხოლოდ ბავშვების გაჩენასთან კავშირში აღარ იყოს", — ამბობს ის.
კომენტარები