28 სექტემბრის საღამოს SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ტეხასში პრეზენტაცია ჩაატარა და საზოგადოებას კომპანიის შემდეგი თაობის რაკეტის, Starship-ის დეტალები გააცნო. ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, Starship-მა მთვარესა და მარსზე ასობით ადამიანი უნდა გაიყვანოს. რაკეტის გიგანტური პროტოტიპის ფონზე მასკი საზოგადოებას დაპირდა, რომ Starship ორბიტაზე დაახლოებით 6 თვეში გავიდოდა, მომავალ წელს კი მისით პირველი ადამიანებიც იმგზავრებდნენ.

"დაახლოებით ორ თვეში რაკეტა, რომელიც ჩემს უკან დგას, 20 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდება, შემდეგ კი უკან მიწაზე დაეშვება", — თქვა მასკმა.

გიგანტური პროტოტიპი SpaceX-ის Falcon 1-ის გვერდით იყო განთავსებული. Falcon 1 ორბიტაზე პირველად 2008 წლის 28 სექტემბერს გავიდა.

ტეხასში წარდგენილი საცდელი პროტოტიპი 50 მეტრის სიმაღლისაა და მას სამი მომდევნო თაობის Raptor ძრავი გააჩნია. პროტოტიპის მიზანია გაშვებისა და დაშვების იმ სისტემების გამოცდა, რომლებიც Starship-ს მრავალჯერადი ფრენის საშუალებას შესძენს. პროტოტიპი ძრავების საშუალებით ატმოსფეროს ზედა ფენებიდან მიწაზე დაეშვება, ისევე როგორც ამას SpaceX-ის ამჟამინდელი რაკეტები აკეთებენ.

ფოტო: Pauline Acalin

პროტოტიპის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. Starship მიწაზე დიდებულად გამოიყურება, თუმცა აფრენის შემდეგ ის ერთიორად უფრო შთამბეჭდავი იქნება.