ინტერნეტში ფეისბუქის მომხმარებლების 419 მლნ. ნომრის შემცველმა ბაზამ გაჟონა
ასობით მილიონი ფეისბუქის მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ონლაინში არსებულ მონაცემთა ბაზაში ინახებოდა, რომელიც პაროლით დაცული არ იყო. ინფორმაცია, რომელიც პირველად TechCrunch-მა გაავრცელა, Facebook-მა უკვე დაადასტურა.
მონაცემთა ბაზაში 133 მილიონი აშშ-ს, 18 მილიონი დიდი ბრიტანეთის და 50 მილიონი ვიეტნამის მოქალაქის ტელეფონის ნომერი შედიოდა.
ფეისბუქის თქმით, ისინი იძიებენ თუ ვინ და როდის შეადგინა ეს ბაზა. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მონაცემთა ბაზაში სინამდვილეში მხოლოდ 210 მილიონი ადამიანის მონაცემი შედიოდა, რადგან 419 მილიონი მონაცემში მრავალი ჩანაწერი ორჯერ იყო გამეორებული.
აღნიშნული მონაცემები სავარაუდოდ იმ ფუნქციითა შეკრებილი, რომელიც ახლა უკვე აღარ არსებობს. 2018 წლის აპრილამდე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, რომ ფეისბუქზე მომხმარებლები ტელეფონის ნომრებით მოეძებნა. სწორედ ამ ფუნქციას იყენებდნენ დაინტერესებული პირები ბოროტად. კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ კი კომპანიამ ეს ფუნქცია გააუქმა.
"აღნიშნული მონაცემები ძველია, ეს ინფორმაცია მაშინაა მოპოვებული, სანამ ტელეფონის ნომრით მომხმარებლების ძებნის ფუნქციას გავაუქმებდით. ახლა ეს მონაცემთა ბაზა წაშლილია და ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ფეისბუქის მომხმარებლების ანგარიშებს რაიმე ზიანი მიადგა. შემთხვევას კვლავ ვიძიებთ", — აცხადებს ფეისბუქის წარმომადგენელი.
კომენტარები