საქართველოში Apple Pay გაეშვა
Apple Pay-ს გამოყენება დღეიდან უკვე საქართველოშიც შესაძლებელია.
ამიერიდან ეფლის ელექტრონულ საფულეში თიბისის, ლიბერთი ბანკის, ვითიბი ბანკისა და საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათების დამატება და გადახდების წარმოება შეგეძლებათ.
Apple Pay კომპანია ეფლის მარტივი და კომფორტული მობილური გადახდის სისტემაა. მისი საშუალებით ადგილზე (ტერმინალით) გადახდას iPhone-სა და Apple Watch-ის საშულებით შეძლებთ. Mac-ისა და iPad მოწყობილობების შემთხვევაში კი Apple Pay-ში დამატებულ ბარათს სხვადასხვა ვებგვერდზე გამოიყენებთ. ისევე როგორც, რა თქმა უნდა, iOS აპლიკაციებში.
Apple Pay უსაფრთხოებას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს. აპლიკაციაში ბარათის დამატებისას საკრედიტო და სადებეტო ბარათის ნომრის ნაცვლად უნიკალური კოდი გენერირდება, რომელიც სმარტფონში არსებულ სპეციალურ დაცულ ელემენტზე დაშიფრულად ინახება.
აღნიშნული სისტემა მობილურით გადახდისას უკონტაქტო NFC ტექნოლოგიას იყენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ Apple Pay-ს გამოყენებას ყველა იმ მაღაზიაში და სალაროში შეძლებთ, რომლებიც უკონტაქტო გადახდებს (შესაბამისი ბარათით, სტიკერით) ახორციელებენ.
Apple Pay პირველად 2014 წელს გაეშვა და ახლა სისტემა საქართველოს ჩათვლით უკვე 57 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
მიუხედავად ამ სიახლისა, საქართველოსთვის ჯერჯერობით კვლავ შეზღუდულია Apple ID ანგარიშის შექმნა. შესაბამისად, არ არსებობს არც ქართული App Store და ქართული ბარათებით აპლიკაციების ყიდვა ისევ შეუძლებლად რჩება.
კომენტარები