მასკის თქმით, ტესლაში მალე YouTube-ისა და Netflix-ის ყურებას შეძლებთ
ილონ მასკი ტესლას მანქანებში არსებული ეკრანების პოტენციალზე უკვე დიდი ხანია საუბრობს — ეკრანები ინფორმაციის გარდა, შესაძლოა, გართობის წყაროც იყოს. ახლა კი მასკმა განაცხადა, რომ მანქანებში ჩამონტაჟებულ ეკრანებში მალე იუთუბისა და Netflix-ის ყურებას შეძლებთ.
ტესლამ სულ ცოტა ხნის წინ მანქანაში თამაშიც შესაძლებელი გახადა. მაგალითად, ახლა უკვე შეგიძლიათ გადმოწეროთ Bethesda-ს Fallout Shelter და Atari-ს კლასიკური თამაშები.
ტესლაში თამაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მანქანა გაჩერებულია. იგივეა იუთუბისა და Netflix-ის შემთხვევაშიც, მათზე წვდომა მხოლოდ გაჩერებულ მანქანაშია შესაძლებელი. თუმცა მასკი აცხადებს, რომ როდესაც მანქანის ავტოპილოტი სრულად დაიხვეწება და რეგულაციები მანქანის მართვაში ადამიანის ჩართულობის აღარ მოითხოვს, ვიდეოებისა და ფილმების ყურება გადაადგილების პროცესშიც იქნება შესაძლებელი.
ვიდეოების ყურება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც მანქანაში ლოდინი ხშირად უწევს, მიმზიდველად ჟღერს. ხოლო, როდესაც საბოლოოდ მანქანები სრულად ავტომატურად მოძრაობას შეძლებენ, გზაში მყოფ მგზავრებს დროის გაყვანა კიდევ უფრო მეტად დასჭირდებათ.
კომენტარები