მექანიკურმა ხელმა ადამიანს შეხების გრძნობა დაუბრუნა
კაცმა, რომელმაც ხელი 17 წლის წინ დაკარგა, ახალი მექანიკური ხელის საშუალებით შეხების აღქმის უნარი შეიძინა.
კევენ ვალგამოტს ახლა 119 სხვადასხვა შეგრძნების აღქმა შეუძლია, ისე, თითქოს პროთეზი მისი ბუნებრივი ხელი იყოს. მას დიდი, პატარა, რბილი და მაგარი ნივთების ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლია. ისევე როგორც სხვადასხვა დელიკატური ობიექტების, მაგალითად, ყურძნისა და კვერცხის ხელში დაჭერა. ამის წყალობით ვალგამოტისთვის ყოველდღიური საქმეების შესრულება, მაგალითად, თითზე ბეჭდის გაკეთება და ბანანის გაფრცქვნა უკვე შესაძლებელია.
"ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ მეცნიერებმა ამის მიღწევა შეძლეს. მათ აიღეს მექანიკური მოწყობილობა და ნაწილები, კომპიუტერის საშუალებით კი არა მხოლოდ მათი მოძრაობა გახადეს შესაძლებელი, არამედ შეგრძნების უნარიც დამიბრუნეს", — აცხადებს ვალგამოტი.
მკვლევარები პროთეზის შექმნაზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ელექტროდები კი მისი ხელის დარჩენილ ნაწილში ჩაამონტაჟეს, რაც პროთეზს ტვინთან აკავშირებს. მექანიკურ ხელს მოძრაობა ექვს განზომილებაში შეუძლია, ის ასევე აღჭურვილია 19 სენსორით, რომელიც შეხებას და ორიენტაციას აღიქვამს.
მხარში ჩაშენებული ელექროდები მისი ტვინიდან წამოსულ სიგნალებს აღიქვამს და სხეულის გარეთ დამაგრებულ კომპიუტერს გადასცემს, რომელიც ამ ინფორმაციას ციფრულად ამუშავებს და მექანიკურ ხელს უგზავნის. ელექტროდები ვალგამოტის ნერვებს კომპიუტერის მიერ გენერირებულ, მექანიკური ხელიდან წამოსულ სიგნალებსაც გადასცემს, რასაც ვალგამოტის ტვინი შეხებად აღიქვამს.
შემდეგ ეტაპზე ჯგუფი გეგმავს, რომ პროთეზში ახალი სენსორებიც ჩაამონტაჟოს, რომელიც პაციენტს ტემპერატურისა და ტკივილის აღმქმის საშუალებასაც მისცემს. ამჟამინდელი პროტოტიპი სტაციონარულ კომპიუტერთან შეერთებას საჭიროებს, გუნდი ამჟამად პორტატული სისტემის შექმნაზე მუშაობს, რათა პაციენტებმა პროთეზის გამოყენება სახლშიც შეძლონ.
კვლევის ავტორის, ჯეიკ ჯორჯის თქმით, ახლა მთავარია სადაზღვევო კომპანიების დარწმუნება, რომ ასეთი ტექნოლოგიას ადამიანების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
კვლევა ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები