Google-ის "ხმის გამაძლიერებელი" ხმაურიან გარემოში სმენას გაგიუმჯობესებთ
მსოფლიოში მილიონობით ნაწილობრივ ან სრულად სმენადაქვეითებული ადამიანია, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ამ პრობლემასთან ბრძოლის ახალი გზები მუდმივად ჩნდება.
გუგლის აპლიკაცია Sound Amplifier დაგეხმარებათ, რომ ხმაურში ადამიანების საუბარი უკეთ გაიგოთ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ თებერვალში გახდა, თუმცა მისი არსებობის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ იცის. აპლიკაცია თქვენი ტელეფონის ან ყურსასმენის მიკროფონს იყენებს, რათა გარემოში არსებული უსარგებლო ხმაური შეამციროს, ხოლო ადამიანების საუბარი კი უფრო ხმამაღალი და გამოკვეთილი გახადოს. დამუშავებულ ხმას კი პირდაპირ რეჟიმში ყურსასმენებში ისმენთ.
აპლიკაცია გამოსადეგი მრავალ სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, მაგალითად, ხმაურიან რესტორანში ან, სულაც, ტელევიზორის ყურებისას. აპლიკაცია პროცესის ვიზუალიზაციასაც ახდენს, ანუ თქვენ დაინახავთ, თუ როგორ მუშავდება ხმაური პირდაპირ რეჟიმში. სურვილის შემთხვევაში კი ამ პროცესის სხვადასხვა პარამეტრის დარეგულირება თავადაც შეგიძლიათ.
აპლიკაციის Play Store-შია ხელმისაწვდომი. ამჟამად ის მხოლოდ სადენიან ყურსასმენებზე მუშაობს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გუგლი მალე Bluetooth-ის მხარდაჭერასაც შემოგვთავაზებს.
კომენტარები