სამსუნგი: Galaxy Fold-ის პრობლემა გადაჭრილია, გაყიდვები სექტემბერში დაიწყება
Samsung-მა დღეს განაცხადა, რომ Galaxy Fold-ის ეკრანი და დასაკეცი მექანიზმი გააუმჯობესა. დასაკეცი სმარტფონის გამოშვება დაახლოებით ოთხი თვის წინ გადაიდო, დღევანდელ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ გაყიდვები სექტემბერში განახლდება. სმარტფონის ფასი კვლავ $1 980 იქნება.
"ეკრანის ზედაპირს არსებული დამცავი ზომაში გაიზარდა და ის ახლა სმარტფონის ჩარჩოში შედის, რაც ცხადს ხდის, რომ მისი აძრობა არ შეიძლება. ასევე მოდიფიცირდა ტელეფონის კორპუსი, რათა მოწყობილობაში მტვრის ნაწილაკები ადვილად ვეღარ მოხვდეს. სპეციალური დამცავებით გაძლიერდა დასაკეცი მექანიზმიც. დასაკეც მექანიზმსა და სმარტფონის კორპუსს შორის არსებული ცარიელი სივრცე შემცირდა. ეკრანის ქვეშ კი დამატებითი ფოლადის შრე დაემატა", — ნათქვამია სამსუნგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკრანზე არსებული "დამცავი შრის" ზომაში გაზრდა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც სამსუნგს შეეძლო, რომ გაეკეთებინა. დასაკეცი სმარტფონის განხილვისას აღნიშნული დამცავი შრე არა ერთმა ადამიანმა ააძრო, რადგან შრე არა სმარტფონის ნაწილს, არამედ უბრალო დამცავ ფირს წააგავდა, რომელიც ყველა სმარტფონს მოჰყვება ხოლმე.
სამსუნგმა ფოტოებიც გაავრცელა. ფოტოზე წინ მოდიფიცირებული Galaxy Fold ჩანს, უკან კი ძველი. ამ მექანიზმის დამატებამ სმარტფონი მტვრის ნაწილაკების შეღწევისგან უნდა დაიცვას.
გავრცელდა დასაკეცი მექანიზმის ფოტოც, თუმცა, ერთი შეხედვით, ახალ და ძველ ვერსიას შორის განსხვავების შემჩნევა რთულია.
სამსუნგის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ კომპანიამ ბაზარზე Galaxy Fold ნაადრევად გამოუშვა. მისი თქმით, ეს საკმაოდ უხერხული იყო.
სამსუნგს გაუმართლა, რომ Galaxy Fold-ის პრობლემები მანამდე გახდა ცნობილი, სანამ სმარტფონი ფართო მასებს მიაღწევდა და კომპანიამ მიღებული შეკვეთების შეჩერება დროულად მოასწრო.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები