ეკრანის პრობლემების გამო სამსუნგმა Galaxy Fold-ის გამოშვება გადადო
Samsung-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ $2 000-იანი Galaxy Fold-ის გამოშვების თარიღი დროებით გადაიწევს.
"გამოშვების ახალი თარიღი უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი", - ნათქვამია გავრცელებულ განხადებაში.
სიახლე მას შემდეგ ვრცელდება, რაც მიმომხილველებისა და ჟურნალისტებისათვის გაგზავნილ ტელეფონებს გამოყენებიდან რამდენიმე დღეში ეკრანთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.
ტელეფონების ნაწილი მწყობრიდან ეკრანზე არსებული დამცავი ფენის შეცდომით აძრობის შემდეგ გამოვიდა, ზოგ შემთხვევაში კი ეკრანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაფუჭდა.
"თავდაპირველი შემოწმებებით ირკვევა, რომ ეკრანის პრობლემები, შესაძლოა, დასაკეც მექანიზმთან იყოს კავშირში. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ეკრანის მწყობრიდან გამოყვანა ტელეფონის შიგნით მოხვედრილმა ნაწილაკებმა გამოიწვია. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ეკრანი უფრო გამძლე გავხადოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ჩანს, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაძლოა, ტელეფონის ან დასაკეცი მექანიზმის გადაკეთება იყოს საჭირო, ხოლო რა დრო დასჭირდება ამას, ჯერჯერობით უცნობია.
განცხადებაში ასევე ნახსენებია Galaxy Fold-ის ეკრანზე გადაკრული სპეციალური შრე, რომელიც ეკრანის სტანდარტულ დამცავს წააგავს, რის გამოც ის მომხმარებლების უმეტესობამ შემთხვევით ააძრო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ეკრანის გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია.
გამოშვების თარიღის გადადება იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც Galaxy Fold წინასწარ ჰქონდათ შეკვეთილი, შესაძლოა იმედგაცრუების მიზეზი იყოს. თუმცა, აშკარა ხარვეზის მქონე სმარტფონის გასაყიდად გამოშვება სამსუნგის რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებდა.
კომენტარები