Amazon-ზე ხარვეზის გამო მომხმარებლები $13 000-ის აპარატურას $94-ად ყიდულობდნენ
ამაზონის ვებგვერდზე არსებული შეცდომის გამო Prime Day-ზე მომხმარებლებმა ძალიან ძვირი ფოტოაპარატურა, მათ შორის ლინზები და კამერები სულ რაღაც $94,48-ად იყიდეს.
ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ვებგვერდ Slickdeals-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაპოსტა, რომ სონის უსარკო ფოტოკამერა (a6000) და 16-50-მილიმეტრიანი ლინზა, რომელიც, როგორც წესი, $550-მდე ღირს, ამაზონზე სულ რაღაც $94,48-ად იყიდებოდა.
ამაზონზე, შესაძლოა, ხშირად შეხვდეთ მესამე პირებისა და სხვადასხვა მაღაზიის მიერ გასაყიდად დადებულ ნივთებს, რომელთა ფასიც არარეალურად დაბალია და, როგორც წესი, ასეთი შემოთავაზებები ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება ხოლმე. განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნულ კამერასა და ლინზას თავად ამაზონი ყიდდა.
მომხმარებლებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ სონის კამერა არ იყო ერთადერთი ნივთი, რომელიც წარმოუდგენლად დაბალ ფასად იყიდებოდა. ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელის თქმით, რომელმაც $3000-იანი ტელესკოპი $94,48-ად იყიდა, მისი ანგარიშით შესვლისას Prime Day-ს ნიშნის მქონე ყველა ნივთის ფასი $94,48 იყო. Slickdeals-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ასევე წერს, რომ მან ხუთი ცალი $13 000-იანი ლინზა სულ რაღაც $500-ად იყიდა, რომლებიც ამაზონმა მის მისამართზე უკვე მიიტანა. კიდევ ერთი ადამიანი კი წერს, რომ მან $2 000-იანი Canon EOS R ასევე $94-ად შეიძინასზ.
ინტერნეტში ფასებთან დაკავშირებული შეცდომები ხშირია, ასეთი შემთხვევების გადაწყვეტა ინდივიდუალურად ხდება, გამართლების შემთხვევაში არასწორ ფასად შეძენილი ნივთი, შესაძლოა, მართლაც მიიღოთ, ზოგჯერ კი ვებგვერდი შეკვეთას უბრალოდ გაგიუქმებთ. ამაზონის შემთხვევაში შეკვეთების ნაწილი მართლაც გაუქმდა, თუმცა არაერთმა მომხმარებელმა $94,48-ად შეძენილი ათეულობით ათასი დოლარის პროდუქცია სახლში მომდევნო დღესვე მიიღო.
მომავალ წელს მსგავსი შეცდომების აღმოჩენის იმედით ამაზონს Prime Day-ზე ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწვევა.
კომენტარები