30 წლის შემდეგ ჯონი ივი Apple-ს ტოვებს
Apple-ის მთავარი დიზაინერი, ჯონ ივი კომპანიას წლის ბოლომდე დატოვებს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში Apple-მა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რევოლუციური მოწყობილობები — iPhone, iPod, iPad და Apple Watch გამოუშვა, ისევე როგორც ეფლის კომპიუტერების სერია. ივი ეფლის დიზაინერების გუნდს 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. როგორც ირკვევა, წასვლის შემდეგ ივი ახალ დიზაინერულ კომპანიას ჩამოაყალიბებს, რომლის ერთ-ერთი კლიენტი ეფლიც იქნება.
ახალი კომპანიის სახელწოდება LoveFrom იქნება, მის მართვაში კი ივის ცნობილი დიზაინერი, მარკ ნიუსონიც შეუერთდება. კომპანიის დატოვების მიუხედავად ივი და ეფლი აცხადებენ, რომ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებენ.
"30 წლისა და უთვალავი სხვადასხვა პროექტის შემდეგ, მე ძალიან ვამაყობ, რომ შევქმენით გუნდი, კომპანია და კულტურა, რომელიც უკონკურენტოა. დღეს ეს კომპანია იმაზე უფრო ძლიერი, კრეატიული და წარმატებულია, ვიდრე ოდესმე", — აცხადებს ივი.
კომპანიაში მუშაობის განმავლობაში ივი ეფლის რეკლამებში ხშირად ჩნდებოდა, თუმცა ბოლო წლებში მას ეკრანზე უფრო იშვიათად ვხვდებოდით. მიუხედავად ამისა, მის საუბარს მაინც არაერთ ახალ კლიპში შევხვდებით.
კომენტარები