Curiosity-მ მარსზე უცნაური ნათება დააფიქსირა
NASA-ს რობოტ Curiosity-ს მიერ მარსზე 16 ივნისს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოში პლანეტის ზედაპირის ზემოთ გაურკვეველი ნათება ჩანს.
ყველა ჩვენგანის სურვილის მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ნათება მარსზე უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებად, სამწუხაროდ, არ გამოდგება. NASA-ს თქმით, საქმე ანომალიასთან გვაქვს.
Curiosity მარსზე 2012 წლის შემდეგ დაგორავს. რობოტს 17 კამერა აქვს, რაც მსგავსი მისიისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ხომალდი მარსის ფოტოებით ხშირად გვანებივრებს და აღსანიშნავია, რომ ეს მსგავსი ნათების დაფიქსირების პირველი შემთხვევა არ არის.
სინათლის წყარო, შესაძლოა, პრიალა ქვა იყოს, რომელიც მზეს ირეკლავს, ასევე დასაშვებია, რომ სინათლე კამერაში მოხვედრილი კოსმოსური სხივის მიერ იყოს გამოწვეული. Curiosity ფოტოებს ძირითადად ორი, მარცხენა და მარჯვენა სანავიგაციო კამერით იღებს. მაგალითად, თუ ნათების წყარო პრიალა ქვა იყო, ის ორივე კამერის მიერ გადაღებულ ფოტოში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა ამ შემთხვევაში Curiosity-ს მარცხენა სანავიგაციო კამერა სელფების გადაღებით იყო დაკავებული, რის გამოც ამ შემთხვევის ნახვა განსხვავებული პერსპექტივიდან არ შეგვიძლია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წამით ადრე და რამდენიმე წამით გვიან გადაღებულ ფოტოებში ნათების კვალი არ ჩანს.
NASA-ს თქმით, ნათების წყარო დიდი ალბათობით ხომალდზე დაცემული კოსმოსური სხივია, რომელმაც ფოტოს გადაღებისა და დამახსოვრების პროცესში ანომალია გამოიწვია.
Curiosity-ს სანავიგაციო კამერების ხელმძღვანელის თქმით, ისინი ხომალდისგან მიღებულ ფოტოებში მსგავს არტეფაქტებს არც თუ ისე იშვიათად ხედავენ.
კომენტარები