მაიკროსოფტმა ახალი თაობის Xbox წარადგინა
მაიკროსოფტმა გუშინ Project Scarlet-ის შესახებ განაცხადა, რაც ახალი თაობის Xbox-ის კოდური სახელწოდებაა. კომპანიის თქმით, ახალი კონსოლის გაყიდვები 2020 წლის დასასრულამდე დაიწყება და ეს ამ დრომდე Xbox-ის ყველაზე მასშტაბური განახლება იქნება.
ახალი კონსოლები AMD-ს მიერ სპეციალურად Xbox-ისთვის დამზადებული პროცესორებით იქნება აღჭურვილი, რაც მას წინამორბედ მოდელზე ოთხჯერ უფრო ძლიერს გახდის.
ახალ კონსოლს 8k-ვიდეოფორმატის, Ray Tracing-ისა და წამში 120-მდე კადრის მხარდაჭერა ექნება.
"კონსოლში შემდეგი თაობის SSD-დისკს გამოვიყენებთ, რომელიც ვირტუალური ოპერატიული მეხსიერებაც იქნება", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა კონფერენციაზე.
SSD-ს გამოყენება ნიშნავს, რომ თამაშებში ჩატვირთვის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.
მაიკროსოფტმა Xbox-ის გარდა რამდენიმე თამაშიც დააანონსა, მათ შორის არის ახალი Flight Simulator, Minecraft Dungeons და Cyberpunk 2077.
კომენტარები