ფეისბუქის კრიპტოვალუტა, შესაძლოა, თვის ბოლომდე გამოვიდეს
The Information-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას ივნისის მეორე ნახევარში გამოუშვებს, რის შემდეგაც თანამშრომლებს შეეძლებათ, რომ ფეისბუქისგან ხელფასი კრიპტოვალუტის ფორმით მიიღონ.
დაახლოებით ერთი წლის წინ ფეისბუქმა PayPal-ის ყოფილ ხელმძღვანელს, დეივიდ მარკუსს ბლოკჩეინის შესაძლებლობებისა და მისი გამოყენების ჭკვიანური ხერხების შესწავლა დაავალა.
მას შემდეგ, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეისბუქი საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნიდა. როგორც ცნობილია, ფეისბუქის მომხმარებლებს ამ კრიპტოვალუტის გამოყენება და მისი რეგულარულ ვალუტაში გადაცვლა შეეძლებათ —სავარაუდოდ, ისევ ფეისბუქის აპლიკაციების გამოყენებით. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ფეისბუქი კრიპტოვალუტისათვის ფიზიკური ბანკომატების დადგმასაც გეგმავს.
ფეისბუქით ამჟამად ორ მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს. მომხმარებელთათვის ფულის გაცვლისა და გადახდების ახალი სერვისის შეთავაზება კი კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი ბიზნესმოდელი უფრო მრავალფეროვანი გახადოს. ამჟამად ფეისბუქისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო პლატფორმაზე განთავსებული რეკლამებია, თუმცა რეკლამების გაყიდვაზე ორიენტირებული მოდელის მუშაობისთვის ფეისბუქი მომხმარებლების პირად ინფორმაციას მასობრივად აგროვებს, რის გამოც კომპანი ხშირად აკრიტიკებენ.
წლის დასაწყისში მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ გადახდები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სფეროა.
აღნიშნულ სიახლეზე ფეისბუქის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა.
კომენტარები