მარსის ღრუბლების ცქერა სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ
ალბათ იმის შეხსენება არც გჭირდებათ, რომ ცხოვრება დაბრკოლებებითა და სირთულეებითაა სავსე, ეს ისედაც კარგად იცით.
რელაქსაციისა და გონების სიმშვიდის მოსაპოვებლად წარმოგიდგენთ მარსის ღრუბლების თვალწარმტაც ფოტოებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ნასას მარსმავალმა, Curiosity-მ გადაიღო.
Curiosity ამჟამად გეილის კრატერში არსებული შარპის მთის მისადგომებს სწავლობს. მაისის პირველ ნახევარში მარსმავალმა შავ-თეთრი სანავიგაციო კამერა ცისკენ მიმართა და თავზე არსებული ღრუბლების ფოტოები გადაიღო.
NASA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოებზე ვერცხლისფერი ღრუბლები ჩანს, ეს ის ღრუბლებია, რომლებიც ატმოსფეროში განსაკუთრებით დიდ სიმაღლეზე წარმოიშვება, რის გამოც ისინი პლანეტის ზედაპირზე მზის ჩასვლის შემდეგ გარკვეული ხანი კიდევ ანათებენ.
ფოტოებზე გამოსახული ღრუბლები, რომლებიც წყლის ყინულისგან შედგება, დაახლოებით 31 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შეამჩნევდით, რომ ისინი ძალიან ჰგავს დედამიწისეულ ღრუბლებს. სხვა პლანეტის ცაში დანახული ღრუბლები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
საბედნიეროდ, Curiosity არ არის ერთადერთი რობოტი, რომელმაც მარსის ატმოსფეროში ღრუბლების გადაღება მოახერხა. Curiosity ამჟამად მის კოლეგასთან, რობოტ InSight-თან ერთად მუშაობს, რომელიც 600 კილომეტრის დაშორებითაა განთავსებული. NASA-ს თქმით, ორი რობოტის დახმარებით ისინი ღრუბლებს ფოტოებს სხვადასხვა წერტილიდან უღებენ, რაც მათ შესწავლას აადვილებს.
კომენტარები