კორეული პრესის ცნობით, სამსუნგმა Galaxy Fold-ის დეფექტები გამოასწორა
თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, Galaxy Fold ბაზარზე შესაძლოა მალე დაბრუნდეს. კორეული გამოცემა Yohnap News-ის თქმით, სამსუნგმა Galaxy Fold-ის დეფექტების აღმოფხვრა შეძლო.
დაახლოებით ერთი თვის წინ Samsung-მა Galaxy Fold-ის გამოშვების თარიღი გაურკვეველი დროით გადაწია. ეს ორი მთავარი პრობლემით იყო განპირობებული.
პირველი პრობლემა ეკრანზე დაკრულ თხელ დამცავ ფენას ეხებოდა, რომელიც მომხმარებლების უმეტესობამ უბრალო ეკრანის დამცავად აღიქვა და ააძრო, რაც ეკრანის მწყობრიდან გამოსვლას იწვევდა.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ახლა ეს სპეციალური შრე ეკრანს სრულად ფარავს, შედეგად კი მის აძრობას ვეღარ შეძლებთ.
მეორე პრობლემა ეკრანში შესულ მტვერსა და ნაწილაკებს ეხებოდა. დასაკეცი სმარტფონის დიზაინის გამო ეკრანის ქვეშ მტვრის ნაწილაკები ადვილად აღწევდა, რაც ეკრანის მწყობრიდან გამოსვლას იწვევდა. Yonhap News-ის ცნობით, სამსუნგმა ღარის ზომა, რომლიდანაც ეკრანში მტვერი აღწევდა, შეამცირა, რაც ტელეფონს მტვრისგან უკეთ დაიცავს.
აღნიშნული სიახლე Galaxy Fold-ის მომავლისთვის დამაიმედებელია.
სამსუნგის სმარტფონების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიჯეი კოჰმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანიამ Galaxy Fold-ის პრობლემები განიხილა, მან ასევე დასძინა, რომ სმარტფონის გამოშვება "ძალიანაც არ დაიგვიანებდა."
Samsung-ს ჯერჯერობით აღნიშნულ ცნობებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა AT&T-მ მომხმარებლებს გაუგზავნა იმეილები, რომლებშიც ტელეფონის გაყიდვების დაწყების თარიღად 13 ივნისი იყო დასახელებული.
კომენტარები