WhatsApp: თუ აპს არ განაახლებთ, შეიძლება თქვენს ტელეფონში სხვამ შემოაღწიოს
WhatsApp-ში არსებული პროგრამული შეცდომის ბოროტად გამოყენებით iOS-ისა და ანდროიდის მოწყობილობებში ვირუსული პროგრამის ჩანერგვა, რომელიც სმარტფონს სრულად აკონტროლებს, ერთი დარეკვით შეიძლება.
ვირუსი ისრაელში დაფუძნებულმა კომპანიამ, NSO ჯგუფმა შექმნა, რომელიც კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჯაშუშობის სფეროში მუშაობს. ვირუსს თქვენს ტელეფონში შემოღწევა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ზარს არ უპასუხებთ.
ტელეფონზე დაყენების შემდეგ ვირუსს შეუძლია სმარტფონის კამერა და მიკროფონი გააქტიუროს, შეამოწმოს იმეილები, შეტყობინებები და შეინახოს თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემები. WhatsApp საკუთარ 1,5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდებს, რომ აპლიკაცია სასწრაფოდ განაახლონ.
WhatsApp-ის თქმით პროგრამული შეცდომა მაისის დასაწყისში აღმოაჩინეს და ის მალევე გამოასწორეს. განახლება კი ორშაბათს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
Financial Times-ზე დაყრდნობით, ვირუსი NSO ჯგუფმა ბრიტანელი ადვოკატის წინააღმდეგ 12 მაისს გამოიყენა. ადვოკატი სასამართლოში NSO ჯგუფის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელშია ჩართული.
NSO აცხადებს, რომ ის ტერორიზმსა და კრიმინალთან საბრძოლველად საჯაშუშო პროგრამებს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ქმნის. თუმცა, წარსულში NSO-ს მიერ შექმნილი პროგრამები სხვა მიზნებისთვისაც ყოფილა გამოყენებული, მაგალითად, 2016 წელს ის ადამიანის უფლებათა დამცველის, 2018 წელს კი 12 ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენეს. მკვლევარები აცხადებენ, რომ NSO-ს მიერ შექმნილ პროგრამებს ჯამში 45 სხვადასხვა ქვეყანა მოიხმარს.
კომენტარები