ჯეფ ბეზოსმა მთვარის მოდულის ახალი კონცეფცია წარადგინა
Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა რამდენიმე საათის წინ მთვარის ახალი მოდულის კონცეფცია წარადგინა, რომლის მიზანიც 2024 წლისთვის მთვარეზე საჭირო მოწყობილობებისა და ადამიანების გაგზავნაა.
უპილოტო ხომალდ Blue Moon-ს თანამგზავრების, მთვარემავალებისა და სამეცნიერო ინსტრმენტების ტრანსპორტირება შეეძლება, თანაც არაერთხელ. ის ახალი ძრავით, BE-8-ით არის აღჭურვილი.
Blue Moon-ის მიზანი მთვარი სამხრეთ პოლუსზე დაშვებაა, სადაც მეცნიერებმა წყლის ყინულის კვალი აღმოაჩინეს. ამ წყლის დამუშავებით კი წყალბადის მიღება შეიძლება, რომელიც რაკეტის საწვავად გამოიყენება.
მარტში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათ 2024 წლისთვის მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების დაბრუნება სურთ.
გამოსვლაში ბეზოსმა განაცხადა, რომ ისინი აშშ-ს მთავრობის მიერ დაწესებულ ვადებში ჩაჯდებიან, თუმცა, ეს შესაძლებელი მხოლოდ იმიტომაა, რომ მათ აღნიშნულ მოდელზე მუშაობა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყეს.
ბეზოს სურს, რომ კაცობრიობას მთვარეზე წვდომა გაუადვილოს, რადგან მისი თქმით, მომავალში ადამიანებმა კოსმოსში უნდა იცხოვრონ და იმუშაონ. ეს დღეს შეუძლებელია.
"ამჟამად კოსმოსში მოხვედრა წარმოუდგენლად ძვირი და რთულია, ეს იმის ბრალია, რომ საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს", — ამბობს ბეზოსი.
ამის ილუსტრირებისათვის მან პრეზენტაციაზე კოსმოსური კოლონიების ფოტოებიც წარადგინა, რომელშიც კოსმოსში მყოფი ადამიანები, ცხოველები და გამწვანებული სივრცეები ჩანს.
კომენტარები