მსოფლიოს ყველაზე შხამიანი მედუზის საწინააღმდეგოდ ანტიდოტი შეიქმნა
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კუბომედუზას (Cubodoa) შხამის ანტიდოტის შექმნა შეძლეს. კუბომედუზას თითოეული ჩხვლეტის დროს გამოყოფილ შხამს 60-ზე მეტი ადამიანის მოკვლა შეუძლია.
ამ მედუზის ერთი ჩხვლეტაც კი წარმოუდგენლად ძლიერ ტკივილს და კანის უჯრედების კვდომას იწვევს, საკმარისი შხამის არსებობის შემთხვევაში კი გული რამდენიმე წუთში ჩერდება.
გენური ინჟინერიის გამოყენებით სიდნეის უნივერსიტეტის ჩარლზ პერკინსის ცენტრის მკვლევარებმა "მოლეკულური ანტიდოტი" შექმნეს, რომელიც კუბომედუზას შხამის სიმტპომებს ბლოკავს, იმ შემთხვევაში, თუ მას კანზე ჩხვლეტიდან 15 წუთის განმავლობაში წავისვამთ.
მეცნიერებმა კვლევის პროცესში ადამიანის მილიონობით უჯრედი გამოიყენეს, თითოეულ მათგანში კი ესა თუ ის კონკრეტული გენი გათიშეს, შემდეგ კი მათზე შხამით იმოქმედეს და დააკვირდნენ, თუ რომელი უჯრედები გადაურჩებოდნენ მას.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დეტალურად, მოლეკულურად შევისწავლეთ, თუ როგორ მუშაობს კონკრეტულად ეს და სავარაუდოდ ნებისმიერი სხვა შხამიც", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი რეიმონდ ლოუ.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანტიდოტი, რომელიც ადამიანებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ჩხვლეტიდან 15 წუთის განმავლობაში წასმის შემთხვევაში კანის უჯრედების კვდომას შეაჩერებს და ტკივილს სრულად გაანეიტრალებს, თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევა, რათა გაირკვეს, ეფექტური იქნება თუ არა ის გულის გაჩერების წინააღმდეგ.
ექსპერიმენტებით შემოწმებულია, რომ ადამიანის უჯრედებზე ანტიდოტი წარმატებით მუშაობს, ისევე როგორც ცოცხალ თაგვებზე. ახლა მეცნიერები მისგან ადგილობრივი გამოყენების ანტიდოტის შექმნაზე მუშაობენ.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები