საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ელექტროენერგიის შეფერხებაა
ნასას ინჟინრები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ელექტროენერგიის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად მუშაობენ.
ორშაბათს, ჩამრთველის გაუმართაობის გამო კოსმოსური სადგურის ელექტროენერგიის სისტემის ნაწილი გაითიშა. ეკიპაჟს ელექტროენერგია მაინც მიეწოდება, მათ საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა, მანამ, სანამ სადგური ახალი ხომალდების მიღებას შეძლებს, დაზიანებული ჩამრთველი უნდა გამოიცვალოს.
ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად საერთაშორისო კოსმოსური სადგური მზის ელემენტებს იყენებს. გამომუშავებული ელექტროენერგია კი სადგურზე არსებული ოთხი ჩამრთველის მეშვეობით ნაწილდება. ახლა კი ამ ოთხიდან ერთ-ერთი მწყობრიდანაა გამოსული, რის შედეგადაც ელექტროენერგიის რვა არხიდან ორი არ მუშაობს.
ამ კვირაში სადგურს SpaceX-ის ხომალდი Dragon უნდა წვეოდა, თუმცა ელექტროენერგიის შეფერხების გამო მისი გაშვება გადაიდო. როდესაც ხომალდი სადგურს უახლოვდება ISS-ს ეკიპაჟის წევრები მის "დასაჭერად" და სადგურთან შესაერთებლად გიგანტურ მექანიზებულ "ხელს" იყენებენ.
მექანიზებული "ხელი", რა თქმა უნდა, ელექტროენერგიით მუშაობს. მას გამართულად ფუნქციონირება ელექტროენერგიის მხოლოდ ერთი არხითაც შეუძლია, თუმცა სათადარიგო მიზნებისთვის მას მეორე არხიც სჭირდება, რომელიც ამჟამად მიუწვდომელია.
ნასას სურს, რომ ISS-ზე Dragon-ის მისვლისას ელექტროენერგია სადგურის ყველა კომპონენტს შეუფერხებლად მიეწოდებოდეს.
"ინჟინრები მუშაობენ, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომხდარი დაზიანება რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას", - აცხადებს ნასას წარმომადგენელი.
კომენტარები