დაივიწყეთ წინა და უკანა კამერები — სამსუნგის ახალ მოდელს მბრუნავი კამერა აქვს
სამსუნგმა საშუალო ფასის კატეგორიაში ახალი სმარტფონი, Galaxy A80 წარადგინა, რომლის მთავარ კამერას სლაიდერის საშუალებით ტელეფონიდან ამოსვლა, შემდეგ კი შემობრუნება და სელფის კამერად გადაქცევა შეუძლია.
აღნიშნული ტექნოლოგიის წყალობით A80 გახდა პირველი სმარტფონი, რომელიც სამსუნგის New Infinity ეკრანს იყენებს.
A80-ის ავტომატიზირებული სლაიდერი მთავარი 48-მეგაპიქსელიანი, ფართო კუთხის 8-მეგაპიქსელიანი და მანძილის განმსაზღვრელი სენსორული კამერისგან (time-of-flight) შედგება. აღნიშნული მექანიზმის წყალობით, სმარტფონის წინა მხარე 6,7-ინჩიანი AMOLED ეკრანით სრულადაა დაფარული.
მსგავსი ტიპის ტექნოლოგიები სმარტფონებში აქამდეც გვინახავს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტელეფონში სლაიდერის მექანიზმი და მბრუნავი კამერა გაერთიანდა.
A80, კამერის გარდა 3 700-მილიამპერიანი, სწრაფი დატენვის მხარდაჭერის მქონე ელემენტითაც არის აღჭურვილი. ეკრანში კი თითის ანაბეჭდის სენსორია ჩამონტაჟებული.
ახალი სმარტფონის გაყიდვა 29 მაისიდან დაიწყება, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
კომენტარები