კაცებს, რომლებიც ბოქსერებს ატარებენ 25%-ით მეტი სპერმა აქვთ — ჰარვარდის კვლევა
ბოქსერები პირველად 1920-იან წლებში გამოჩნდა და ის მოკრივეთათვის იყო განკუთვნილი. ბოქსერები ფეხებს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი ბაზარზე უფრო მოკლე და მჭიდრო საცვლებიც გამოჩნდა, რის შემდეგაც მუდმივად არსებობს კითხვა იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის საცვალია უფრო უკეთესი.
ეს დებატები მეცნიერებამ შესაძლოა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს.
როგორც ირკვევა, მჭიდრო საცვლების ტარებამ შესაძლოა თქვენი სპერმატოზოიდების რაოდენობაზე გავლენა მოახდინოს. თუ საცვალი ზედმეტად მჭიდროა, მაშინ სათესლე ჯირკვლები სხეულთან ზედმეტად ახლოს თავსდება, რაც მათში ტემპერატურის მომატებას იწვევს, ეს კი სპერმატოზოიდებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
კაცებში სპერმის წარმოქმნა ყველაზე უკეთ მაშინ მიმდინარეობს, როდესაც სათესლეების ტემპერატურა ორგანიზმის ტემპერატურაზე რამდენიმე გრადუსით ნაკლებია, კერძოდ კი 2-4 ცელსიუსით.
სწორედ ეს განაპირობებს ძუძუმწოვრებში სათესლეების სპეციფიკურ, სხეულიდან განცალკევებულ განლაგებას. შესაბამისად, როდესაც სათესლეებს სხეულთან ძალიან ახლოს ვათავსებთ, მათში ტემპერატურა იმატებს, რაც თქვენს ნაყოფიერებაზე უარყოფითად მოქმედებს.
მეცნიერები ამ კავშირს უკვე წლებია სწავლობენ, გარკვეული კვლევები მიუთითებს, რომ კაცებს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის მქონე გარემოში მუშაობენ (მცხობელები), რეპროდუქციული პრობლემები უფრო ხშირად აქვთ.
2018 წელს ჰარვარდის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს აღნიშნული საკითხის შესახებ ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა, რომელშიც 656 კაცი მონაწილეობდა.
კაცებს, რომლებიც ბოქსერებს ხმარობდნენ, 33 პროცენტით უფრო აქტიური და მოძრავი სპერმა ჰქონდათ. გარდა ამისა, მეტი იყო მათი ზოგადი სპერმატოზოიდების რაოდენობაც, დაახლოებით 25%-ით. მეცნიერებმა ერთი უჩვეულო ფაქტიც დააფიქსირეს. კაცებს, რომლებიც ბოქსერებს არ ხმარობდნენ, ჰორმონ FSH-ს მომატებული რაოდენობა ჰქონდათ.
ეს ჰორმონი სათესლეებში სპერმატოზოიდების წარმოქმნას აძლიერებს. ამის საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ FSH-ის მომატებით ორგანიზმი სპერმატოზოიდების დაბალი რაოდენობის კომპენსირებას ცდილობდა.
მიუხედავად დაბალი რაოდენობისა, კვლევაში იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც მჭიდრო საცვლებს იყენებდნენ, ჩასახვისათვის საკმარისი რაოდენობის სპერმა გააჩნდათ. თუმცა, ასეთი საცვლების ტარებამ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც რეპროდუქციული პრობლემები ისედაც აქვთ, შესაძლოა დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნას.
საბედნიეროდ, კაცებში სპერმის წარმოქმნა მუდმივად მიმდინარეობს, მჭიდრო საცვლებით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად კი საკმარისია, რომ ისინი ბოქსერებით, ან სხვა უფრო თავისუფალი სტილის საცვლებით ჩავანაცვლოთ.
კომენტარები